ნიკა მელიას განცხადებები ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმაა - ირაკლი ნადირაძე

25.10.23 12:06
ნიკა მელიას განცხადებები ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმაა - ირაკლი ნადირაძე

 ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას განცხადებები, რომელიც მან "რეაქციაში" გააკეთა, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმაა. ოპოზიციის წევრის თქმით, მელია ამგვარია ქმედებით საერთო ოპოზიციურ ველს აზიანებს. 


ამ ადამიანმაც და მისმა მხარდამჭერებმაც უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი განცხადებები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს და მიხეილ სააკაშვილის პარტიას, აზიანებენ საერთო ოპოზიციურ ველს, რაც არის ბიძინას წისქვილზე წყლის დასხმა და ამას უნდა ხვდებოდნენ, იმიტომ, რომ რუსი ოლიგარქი გვყავს დასამარცხებელი და მსგავსი ტიპის განცხადებები არ ადგება ჩვენს საერთო ბრძოლას. ეს არის მხოლოდ პარტიის დაზიანება, საერთო ბრძოლის დაზიანება  და ეს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს. მიზანმიმართულად აკეთებენ ამას თუ შეუგნებლად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აზიანებენ საერთო საქმეს და ეს არის ძალიან ცუდი პირადად მათთვის და ჩვენთვის ყველასთვის, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

ნიკა მელია ნაცმოძრაობიდან წავა, თუმცა როდის კონკრეტულ თარიღს არ ამბობს. პოლიტიკურ გეგმებზე მელიამ განცხადება  ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გააკეთა. ნაცმოძრაობის  ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიაში მიმდინარე პროცესზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ნაცმოძრაობა ამომრჩეველს კარგავს, მიზეზი კი კეზერაშვილის და მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობაა.

 

მსგავსი სიახლეები