მერია GWP ის წინააღმდეგ - უპასუხისმგებლო კომპანიის გამო პარალიზებულია თბილისი, დავაჯარიმეთ, მაგრამ არ ანაღვლებთ

25.10.23 12:51
მერია GWP ის წინააღმდეგ - უპასუხისმგებლო კომპანიის გამო პარალიზებულია თბილისი, დავაჯარიმეთ, მაგრამ არ ანაღვლებთ

"უპასუხისმგებლო GWP-ის გამო პარალიზებულია ნახევარი თბილისი, დავაჯარიმეთ, მაგრამ არ ანაღვლებთ" - ამის შესახებ მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.

თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია, პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი. მერია პასუხისმგებლობას დედაქალაქის წყალგამანაწილებელ კომპანიას აკისრებს და ამტკიცებს, რომ კილომეტრიანი საცობები "ჯი ვი პი"-ს დაუდევრობას მოჰყვა.

ირკვევა, რომ "ჯი ვი პი"-მ წყალსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, თუმცა დროულად ვერც დაასრულა, მოსახლეობას კი ინფორმაცია არ მიაწოდა.

ერთი უპასუხისმგებლო GWP-ის გამო პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი.

ერთია რომ ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან ამ მონაკვეთზე და მეორეა რომ საზ ტრანსპორტი დილის პიკში 351, 304, 335, 321,293, 292, 459, 518 ყველა შეფერხებით იმოძრავებს.

ამასთან ამ დრომდე 10 საათი გავიდა სამუშაოების დაწყებიდან და რელიზი ვერ გაავრცელეს რა ხდება და რა დრო დაჭირდებათ სამუშაოების დასასრულებლად.

P.S. ბუნებრივია დავაჯარიმეთ მაგრამ 5000 ლარი არ ანაღვლებთ", - წერს სატრანსპორტო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი.

კომპანიამ უკმაყოფილებას სპეციალური განცხადებით უპასუხა. "ჯი ვი პი"-ში აცხადებენ, რომ სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

გუშინ, 24 ოქტომბერს, ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყალმომარაგების დაზიანებულ ქსელზე აუცილებელი ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

გამომდინარე იქიდან, რომ წყალმომარაგების ქსელის დაზიანებული მონაკვეთი, სატრანსპორტო გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით გამოწვეული დისკომფორტის შემცირების მიზნით კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა ქსელზე აღდგენითი სამუშაოები 24 ოქტომბერს, 23:00 საათიდან დაიწყეს და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებდნენ.

სამუშაოების ფარგლებში დაზიანების სირთულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ქსელის 10 მეტრი სიგრძის მონაკვეთის შეცვლა, რამაც აღდგენითი სამუშაოების დრო გაახანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას, მოსახლეობას წყალმომარაგება არ შეეზღუდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშაოები დასრულდება 13:30 საათზე, რის შემდეგაც საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები