ქალბატონო პრეზიდენტო - სააკაშვილის მიმართვა ზურაბიშვილს

25.10.23 13:40
ქალბატონო პრეზიდენტო - სააკაშვილის მიმართვა ზურაბიშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვა მეხუთეს - პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "ოლიგარქი ბოლოს უღებს ყველაფერს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან დარჩა" და ზურაბიშვილს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. 

მიხეილ სააკაშვილი, "ოცნების" მიერ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაჟღერებულ მუქარას აფასებს და ამბობს, რომ "საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე "ასამართლებენ". 

მესამე პრეზიდენტი "ნიშანდობლივს" უწოდებს ფაქტს, რომ ზურაბიშვილს  სისხლისსამართლებრივი დევნით შეწყალების საქმით ედავებიან: 

პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრებიან სისხლისსამართლებრივი დევნით, თანაც ნიშანდობლივია, რომ შეწყალების საქმეებზე. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე "ასამართლებენ". ეს ადამიანურად სრულიად მიუღებელია და სახელმწიფოებრივად დამღუპველი.

ამ თამაშ-თამაშში ოლიგარქი ბოლოს უღებს ყველაფერს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან დარჩა. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამის შეჩერებას.

იმედია, თავად სალომე ზურაბიშვილიც ხვდება სიტუაციის სიმძიმეს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, თუნდაც როგორც რუსეთის აგენტის, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შემთხვევაში და სხვადასხვა თანამდებობაზე კანდიდატების არდამტკიცების მიმართულებით. ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან მხოლოდ რიტორიკა ვერ უშველის ვერც ქვეყანას და ვერც პირადად მას”, - წერს სააკაშვილი.

გენერალური პროკურატურა სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტების გამოძიებას აგრძელებს. ირაკლი შოთაძემ "პირველებს"  დაუდასტურა, რომ ოთხი წლის წინ დაწყებული გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტზე ამ დრომდე გრძელდება. 2019 წლიდან დღემდე  სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოუკითხავთ სალომე ზურაბიშვილი.  პროკურატურაში მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ჩვენებები დევს. 

ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს პირდაპირ საკანონმდებლო ორგანოში დაემუქრა.

მსგავსი სიახლეები