თავმოყვარეობის ამბავია, რატომ უნდა გინდოდეს, რომ მაინც და მაინც გაგრიცხონ პარტიიდან? - კობახიძე მელიაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ნიკა მელიას, ფაქტობრივად, უთავმოყვარეოს უწოდებს. ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ არ მიდის ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე პარტიიდან საკუთარი ნებით.
სახელისუფლებო გუნდის ლიდერი ამბობს, რომ ენმ უკვე დაშლილია და ის "ოცნებას" არჩევნებში კონკურენციას ვერ გაუწევს.
არ ვიცი, მელიას უნდა, რომ მაინც და მაინც გარიცხონ პარტიიდან. არ ვიცი, ეს თავმოყვარეობის საკითხია, ბუნებრივია, რატომ უნდა გინდოდეს მაინც და მაინც გარიცხვა, როცა შეგიძლია შენ თვითონ დატოვო ის პარტია, სადაც ხაბეიშვილთანაც კი წააგე თავმჯდომარეობის არჩევნები. არ ვიცი, ეს არის მათი საქმე. რაც მთავარია, ნაცმოძრაობა დაშლილია. იქმნება ბევრი 2% და 3%-იანი პოლიტიკური სუბიექტი ოპოზიციის მხარეს, რაც ძალიან კარგია. რაც მეტი ხმა დაეკარგება კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მით უკეთესი, - ამბობს კობახიძე.
ნიკა მელია ნაცმოძრაობიდან წავა, თუმცა როდის, კონკრეტულ თარიღს არ ამბობს. პოლიტიკურ გეგმებზე მელიამ განცხადება ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გააკეთა. ნაცმოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიაში მიმდინარე პროცესზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ნაცმოძრაობა ამომრჩეველს კარგავს, მიზეზი კი კეზერაშვილის და მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობაა.