შეგვიძლია დავასახელოთ, ვინ იხვეწება, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცენ - მდინარაძე
შეგვიძლია დავასახელოთ განსაკუთრებით ვის აქვს სიმწვავე განცხადებებში და ვინ იხვეწება, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცენ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ის რაც, გუშინ ხათუნა სამნიძემ გათქვა, წელიწადზე მეტია „ქართული ოცნება“ საუბრობს.
„გვეკამათებიან, როგორ გავბედეთ და როგორ ვიკადრეთ იმის თქმა და ფიქრი, რომ „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერი როგორ ეხვეწება საელჩოების, პარტნიორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენ ევროპელ კოლეგებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს ან თუ მიიღებს, ეს მოხდეს არჩევნების შემდეგ, გადავადდეს ეს თემა. ამ მავნებლობით არიან დაკავებულები და უკვე გასკდა ეს ამბავი იმ ადამიანების შიგნით, ვინც ამით იყვნენ დაკავებულები. კონკრეტულად შეგვიძლია დავასახელოთ განსაკუთრებით ვის აქვს სიმწვავე ამ განცხადებებში და ვინ იხვეწება, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცენ - „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაცმოძრაობა, „ლელო“ და ნიკა გვარამია, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ ფლანგს შეეკედლოს და სად დაიდოს თავისი პოლიტიკური ბინა. ეს სამი სუბიექტია. მე დავაზუსტე ახლა, სამნიძის და დეკანოიძის ინფორმაცია. არ ვიცი, გაუჭირდებათ თუ არა ამის აღიარება კონკრეტიკის დონეზე, მაგრამ თუ გნებავთ ჰკითხეთ, იქნებ ინამუსონ და ბოლომდე თქვან, ვინ არის განსაკუთრებით ამ საქმიანობით დაკავებული. ისე, ერთმანეთს არავინ ჩამოუვარდება, მაგრამ უფრო მეტად ვინ არის გამორჩეული ხვეწნა-მუდარით ევროპელი პარტნიორების მიმართ [ჩანს]“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.