გრიგორიადისის საქმე თავდაყირა დგება - სპეცრაზმელმა ლაზარე ვერ ამიცნო
ლაზარე გრირიადისის საქმე თავდაყირა დგება - სპეცრაზმელმა, რომლის დაწვის მცდელობისთვისაც სამოქალაქო აქტივისტი ციხეში ჩასვეს, ლაზარე ვერ ამოიცნო. სხდომათა დარბაზში გიორგი ჭოველიძემ დაადასტურა, რომ მოლოტოვის კოქტეილი მისი მიმართულებით ნამდვილად ისროლეს, თუმცა ვინ ვერ დააკონკრეტა.
არადა ჭოველიძე გამოძიების ოქროს მოწმეა, ის ერთ-ერთი სპეცრაზმელია ვისი ჩვენების საფუძველზე 22 წლის აქტივისტი მარტის აქციებს შემდეგ ციხეშია.
ჩვენების მიცემის შემდეგ, სპეცრაზმელმა "ტვ პირველის" არცერთ კითხვას არ უპასუხა.
რაც შეეხება ადვოკატების პოზიციას, იურისტების თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ვერ დააკონკრეტა კონკრეტულად ვინ მიაყენა ან საიდან იქნა ნასროლი მისთვის მოლოტოვის კოკტეილი.
დაიკითხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი ჭოველიძე, რომელსაც აქციის მსვლელობისას მიადგა სხეულის დაზიანება მოლოტოვის კოქტეილის შედეგად, თუმცა კონკრეტულად ვინ მიაყენა ან საიდან იქნა ნასროლი მისთვის უცნობია. პიროვნების იდენტიფიცირება, თუ ვინ ისროლა მოლოტოვის კოქტეილი მისი მიმართულებით, მას სასამართლო პროცესის დაკითხვის დროს მას არ განუცხადებია. მან განაცხადა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის მონაწილეები იყვნენ აგრესიულები და დაცვის მხარის კითხვაზე მიიღო თუ არა პოლიციამ შესაბამისი რეაგირება, პროპორციული ძალა გამოიყენა თუ არა და პოლიციური საშუალებები, მან განაცხადა, რომ აღნიშნული მას არ ახსოვდა. არ არსებობს რაიმე სახის ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს და დაადასტურებს ლაზარეს ბრალეულობაზე", - ამბობს ადვოკატი, თათია მანიჟაშვილი.
კიდევ ერთი ადვოკატი, ლიკა ბითაძე "პირველებს" ეუბნება, რომ ყველა პოლიციელი, რომელიც დაიკითხა დაზეპირებულ ტექსტებს აჟღერებდა. რაც შეეხება გიორგი ჭოველიძეს, უფლებადამცველის თქმით, მან მარტის აქციების მონაწილე ვერ ამოიცნო.
სპეცრაზმელმა თქვა, რომ მიიღო დამწვრობითი დაზიანებები, მაგრამ რეალურად თუ ვის მიერ მოხვდა და ვინ მიაყენა ეს დაზიანება, რეალურად ვერ ამოიცნო ლაზარე გრიგორიადისი. ყველა პოლიციელი, რომელიც დაკითხულ იქნა მოცემულ სასამართლო სხდომაზე, ყველა პოლიციელის ჩვენება იყო დაზეპირებული, სუბიექტური და მიკერძოებული", - ამბობს ადვოკატი, ლიკა ბითაძე.
კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც. თამარ იაკობიძე აღნიშნავს, რომ გიორგი ჭოველიძეს არც გამოძიების ეტაპზე მოუხდენია ბრალდებულის იდენტიფიცირება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ გამოიკვლია მტკიცებულებები და დაკითხა მოწმეები, მათ შორის დაკითხა დაზარალებული პოლიციის თანამშრომელი, სპეცრაზმის წარმომადგენელი, რომელმაც, როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრა რა ვითარებაში მიიღო დამწვრობა. მას არც გამოძიების ეტაპზე მოუხდენია ბრალდებულის იდენტიფიცირება, ლოგიკურად არც დღევანდელ პროცესზე. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ იმსჯელა ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე და ვინაიდან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისი არის მსჯავრდადებული და სასჯელად განსაზღვრული აქვს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სასამართლომ გააუქმა მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა", - ამბობს პროკურორი.