ასეთი გაურკვეველი სიგიჟეებით ხშირად გამოირჩევა - "ლელო" კობახიძის ბრალდებებს პასუხობს
ოპოზიციის წინააღმდეგ დღეს მმართველმა პარტიამ იერიში განაახლა - კობახიძის ბრალდებებს "ლელოში" პასუხობენ და ამბობენ, რომ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს ეწევა, ეს არის "ქართული ოცნება".
ირაკლი კუპრაძის თქმით, ირაკლი კობახიძე მსგავსი გაუგონარი პროპაგანდისტული მესიჯებით ხშირად გამოირჩევა.
ლელოს ნაბიჯები იყო ყოველთვის მიმართული კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ და ამისთვის ძალიან დიდი შრომა იქნა გაწეული. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ძირითადად ანტიდასავლური მესიჯებით ეწევა საბოტაჟს კანდიდატის სტატუსის მიღებისა ეს არის ქართული ოცნება და სხვა არავინ არ შეიძლება ჩავთვალოთ ამ გზაზე ხელშემშლელ ფაქტორად. ირაკლი კობახიძე მსგავსი გაუგონარი პროპაგანდისტული მესიჯებით გამოირჩევა ხშირად. კვირაში რამდენჯერმე, ეს მისი რაღაც ბუნებრივი მაღვიძარა საათია, რომლითაც ის ყოველ მეორე მესამე დღეს ამბობს გაურკვეველ სიგიჟეებს და სისულელეს, რომელიც რეალობას არ შეესაბამება", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
"ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და ნიკა გვარამია "ოცნების" იმ ჩამონათვალშია, ვინც კობახიძის მტკიცებით, პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ეუბნება, რომ წლის ბოლოს ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიანიჭონ.