მივიღე გადაწყვეტილება, ღიად ვისაუბრო - სამნიძის თქმით, ზოგი ოპოზიციონერი პარტნიორებისგან სტატუსის მიღების გადავადებას ითხოვს
"რესპუბლიკელების" ლიდერი ხათუნა სამნიძე საჯაროდ, კიდევ ერთხელ საუბრობს იმ ოპოზიციონერებზე, რომლებიც დახურულ კარს მიღმა პარტნიორებს ურჩევენ, სტატუსის გადაწყვეტილება გადაიდოს და ამას, მისი თქმით, ოპოზიციური ფლანგის ერთიან გზავნილს უწოდებენ.
სამნიძე ამბობს, რომ ამის შესახებ პარტნიორებმა თავად უთხრეს რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს, რის შემდეგაც "რესპუბლიკელების" ლიდერმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ფაქტის შესახებ ღიად და საჯაროდ ესაუბრა.
ჩვენმა პარტნიორებმა მოგვმართეს რამდენიმე ადამიანს, რომ მათთვის გაუგებარია და რატომ არ არის ერთიანი გზავნილი მაგალითად ოპოზიციური ფლანგიდან, ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამაზე უნდა ვისაუბროთ საჯაროდაც. ის პოლიტიკური ფიგურები, რომელიც დახურულ კარს მიღმა ჩვენს პარტნიორებს ურჩევენ, რომ გადაიდოს სტატუსის გადაწყვეტილება, არ მივიღოთ ახლა, არამედ მივიღოთ არჩევნების შემდეგ, ამით აზიანებენ მთლიანად ოპოზიციური ფლანგის ერთიან გზავნილს. ამიტომ მე მოვუწოდებ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ შეწყვიტონ ასეთი ტიპის გზავნილები და საუბრები საერთაშორისო პარტნიორებთან", - ამბობს ხათუნა სამნიძე.
"ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და ნიკა გვარამია "ოცნების" იმ ჩამონათვალშია, ვინც კობახიძის მტკიცებით, პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ეუბნება, რომ წლის ბოლოს ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიანიჭონ.