"ოცნებას" ლომისის წმ.გიორგის ტაძართან ოკუპანტების გადადგილების არ სჯერა, სუს-ი დუმს
"სუს"-ი დუმს, "ქართული ოცნებას" კი ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან ოკუპანტების გადადგილების არ სჯერა. უნდობლობას მმართველი პარტიის დეპუტატები იმ კადრებსაც უცხადებენ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გადადგილება ეკლესიის ეზოში პირდაპირ ჩანს.
დუმს სასაზღვრო პოლიციაც. რეაგირების ნაცვლად კი დღეს მთელი ხელისუფლება ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" ლანძღვადა და მიხეილ სააკაშვილს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფერი რაც პრობლემურია წინა ხელისუფლების გადმონაშთია. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დამფუძნებელი, დავით ქაცარავა გალანძღა.
უამრავი პრობლემა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ და ამ ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავს მათ შორის, კონკრეტული ნაცმოძრაობის აქტივისტი ქაცარავა. უამრავი პროვოკაცია გვინახავს ჩვენ მისი მხრიდან. რაც შეეხება ასეთ ფაქტებს, ესეც არის წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა, თუ კი რაიმე პრობლემური ხდება ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა რა თქმა უნდა სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სახელმწიფოს ინტერესები იყოს დაცული", - ამბობს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
რაც შეეხება ოპოზიციას, პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი ხელისუფლებას მობილიზებისკენ და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, აგრესორი გაჩერებას არ აპირებს და მცოცავი ოკუპაცია გრძელდება.
დამატებითი საფრთხის რისკის შემცველია და ისიც ფაქტია, რომ რუსეთი გაჩერებას არ აპირებს და მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. ამ დროს რასაც უნდა აკეთებდეს ხელისუფლება და არ აკეთებს არის ის, რომ ახლა უნდა ჰქონდეს მობილიზებული საერთაშორისო მხარდაჭერა და ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან უნდა ვიყოთ ყველაზე ახლოს და ნაცვლად იმისა, რომ მათთან ყველაზე ახლოს ვიყოთ ახლა დგანან და მათი ლანძღვა-გინებით არიან დაკავებული", - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ღია ოკუპაციაზე ხელისუფლების რეაქცია საჭიროა.
საგანგაშო ვითარებაა, მე დაველოდები ხელისუფლების შეფასებას და რეაქციას ამ საკითხზე. რას ჰქვია მლეთაში ლომისაზე, შეიარაღებული რუსები გამოჩნდნენ, ეს არის ღია ოკუპაცია და ამაზე მე ველოდები ხელისუფლების რეაქციას შეფასებას და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. მიჭირს კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ იმ ვიდეოს გარდა სხვა ინფორმაცია სამწუხაროდ არც მე არ მაქვს", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე.
ცნობისთვის, ვრცელდება ვიდეო კადრები, როგორ გადმოკვეთეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარი და როგორ ზვერავენ ტერიტორიას მლეთის ხეობიდან. რუსი ოკუპანტები, სავარაუდოდ სადაზვერვო ჯგუფის წევრები, გუშინ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღის საათებში შენიშნეს.
შეიარაღებული ოკუპანტების ჯგუფი ერთ-ერთმა მომლოცველმა შენიშნა. ისინი დრონებით ზომავდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას. საუბარია მლეთა-გუდაური-ყაზბეგის საავტომობილო მონაკვეთზე.