გვარების დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ ოპოზიციის არაერთგვაროვანი გზავნილები პარტნიორებში შეშფოთებას იწვევს - დეკანოიძე
შემიძლია დავადასტურო, პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს - ეს განცხადება პარლამენტში „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
დეკანოიძის თქმით, სტატუსის მინიჭებისთვის გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანია ყველამ ერთად დაადასტუროს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი სტატუსის მიღებას იმსახურებს და ამ მხრივ პარტნიორებთან ერთიანი გზავნილი გაჟღერდეს.
„შემიძლია დავადასტურო, რომ პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, როცა კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს. როდესაც პარტნიორებმა მოგვმართეს და მათთან ვსაუბრობდით, მე და ხათუნა სამნიძე ერთად ვიყავით... მე არავითარი გვარების დასახელებას არ ვაპირებ, რა თქმა უნდა.
ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რომელიმე პარტიის შიდა საკითხი არ არის. ეს ქვეყნის გაძლიერების საკითხია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ერთიანი გზავნილი წავიდეს. თუ ვინმეს განსხვავებული მოსაზრებები აქვს, ეს ღიად და საჯაროდ უნდა ითქვას და ესეც არგუმენტირებული უნდა იყოს, - განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.
ხათუნა სამნიძის ამ განცხადებას დიდი აღიარება უწოდა ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სამნიძე კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, რასაც მმართველი პარტია დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებდა, პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა.