დაუსაბუთებელი საუბარი, ფაქტების გარეშე, გაუმართლებელია - ჭიაბერაშვილი სამნიძეს პასუხობს
„არ შეიძლება ზოგადი დაუსაბუთებელი საუბარი ფაქტების გარეშე. ბრალდება უნდა მიემართებოდეს „ქართულ ოცნებას“ და თუ კი ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, ეს ინფორმაცია უნდა იყოს კონკრეტული“, - ასე პასუხობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ხათუნა სამნიძეს.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დაუსაბუთებლად, საკუთარი თანამებრძოლების მიმართ ხელის გაშვერა სრულიად გაუმართლებელია და მხოლოდ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას უწყობს ხელს.
„ყველა, ვინც განცხადებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში არ არსებობს ერთიანობა, სამწუხაროდ ნებსით თუ უნებლიეთ, ამით ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ და არ შეიძლება ზოგადი დაუსაბუთებელი საუბარი ფაქტების გარეშე. თუ კი ხდება რაიმე ფაქტი, თუნდაც ოპოზიციის მხრიდან, რომელიც დადასტურებულია და ყველამ იცის ბუნებრივია, შესაბამისად უნდა აგოს პასუხი, მაგრამ დაუსაბუთებლად საკუთარი თანამებრძოლების მიმართ ხელის გაშვერა ამ სიტუაციაში, როდესაც „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდა განსაკუთრებული ცინიზმით გვებრძვის, ჩემი აზრით სრულიად გაუმართლებელია.
განვლილი თვე ნახევრის განმავლობაში მე რვა ქვეყანაში ვიყავი, ბრიუსელშიც ვიყავი და კიდევ 7 ქვეყნის დედაქალაქში და ჩემი ქვეყნის ვიზიტების ამოცანა ზუსტად ის იყო, რომ ქვეყანას სტატუსი მიიღოს. მსგავსი წუხილი მე არ მომისმენია და არ მომისმენია, უფრო პირიქით, უკლებლივ ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს იმას, რომ ამ შემთხვევაში, ამ ძალიან მნიშვნელოვან სიტუაციაში „ქართული ოცნების“ საბოტაჟის ფონზე, პროდასავლური ოპოზიცია იქცევა მაღალი შეგნებით და იქცევა ისე, როგორც ჭირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ეს მესმის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან და ამიტომაც ვამბობ, რომ პირველი - ბრალდება უნდა მიემართებოდეს „ქართულ ოცნებას“ და მეორე - თუ კი ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, ეს ინფორმაცია უნდა იყოს კონკრეტული, სხვაგვარად მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდის წისქვილზე ვასხამთ წყალს.“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.
ხათუნა სამნიძის ამ განცხადებას დიდი აღიარება უწოდა ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სამნიძე კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა.
"ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და ნიკა გვარამია "ოცნების" იმ ჩამონათვალშია, ვინც კობახიძის მტკიცებით, პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ეუბნება, რომ წლის ბოლოს ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიანიჭონ.