შეხვედრებზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება არავის მოუთხოვია - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აკრედიტებულ ელჩები იმისთვის მიიწვია ორბელიანების სასახლეში, რომ მათთვის მომდევნო ორი კვირის გეგმები გაეზიარებინა.
რაც შეეხება სტატუსის საბოტაჟის სკანდალს, ჰერჩინსკი ამბობს, რომ ის თბილისში, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს შეხვედრია და კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, არავის მოუთხოვია.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისთან მიგვიწვია მე და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ელჩები, რათა გაეზიარებინა ჩვენთვის მომდევნო ორი კვირის გეგმები. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ორი კვირა, რადგან 8 ნოემბერს ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოხსენების გამოქვეყნებას. ამის შემდეგ, დეკემბერში, ევროკავშირის ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას მომდევნო ნაბიჯის შესახებ, მათ შორის, მიანიჭონ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, ჩვენ ყველა უნდა ვიმუშაოთ, რათა დავარწმუნოთ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მოხარული ვარ, რომ პრემიერ მინისტრი დღეს არის ბრიუსელში, სადაც მონაწილეობას იღებს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. ახლა არის გაერთიანების დრო, დრო იმისა, რომ ყველამ ერთი მიმართულებით იაროს.
როგორც ევროკავშირის ელჩი თბილისში, მე შევხვედრივარ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და არავინ იყო ისეთი, რომელიც მოითხოვდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას. ყველა მათგანი, მთავრობის წევრი იქნებოდა ის თუ ოპოზიციის, ძალიან აქტიურად ადვოკატირებდა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების სასარგებლოდ."- ამბობს ჰერჩინსკი.
შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.
ხათუნა სამნიძის ამ განცხადებას დიდი აღიარება უწოდა ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სამნიძე კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა.
"ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და ნიკა გვარამია "ოცნების" იმ ჩამონათვალშია, ვინც კობახიძის მტკიცებით, პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ეუბნება, რომ წლის ბოლოს ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიანიჭონ.