5 დღე პოლიციელების დანაშაულის ამსახველი მასალის გასაჯაროებიდან - იურისტები მძიმე დანაშაულის ნიშნებზე საუბრობენ
რატომ აფარებს ხელს ვახტანგ გომელაურის უწყება ნარკოდილერებთან კავშირში მყოფ პოლიციელს? იურისტები "შაბათის ეთერის" მიერ გავრცელებულ კადრებში რამდენიმე მძიმე დანაშაულის ნიშნებს ხედავენ.
იურისტები ამბობენ, რომ გიორგი პირველაშვილი, რომელმაც საკუთარი უწყების თანამშრომლები სცემა და სპეცოპერაციის ჩაშლას ცდილობდა გამოძიების დასრულებამდე თანამდებობას უნდა ჩამოაშორონ. იურისტებისთვის გაუგებარია ისიც, რატომ არ იძიებს ამ საქმეს კაციტაძის უწყება და რატომ გადასცეს გენერალურ ინსპექციას.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი, გურამ იმნაძის თქმით, ასეთ შემთხვევებს ზიანი მოაქვს რეპუტაციული სამართალდამცავი ორგანოებისთვის და არის პრობლემური. იმნაძის თქმით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდეს ასეთ შემთხვევებს, რადგან დაზღვეული იყოს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეები.
ასეთი ინციდენტები არის პრობლემური და მას ზიანი მოაქვს რეპუტაციული სამართალდამცავი ორგანოებისთვის და აუცილებელი არის თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ძალიან ეფექტიანი მაღალი საჯაროობის მქონე რეაგირება უწყებების მხრიდან. მნიშვნელოვანი არის, რომ ამას იძიებდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ანუ გარეთმდგომი უწყება, რათა ბოლომდე იყოს დაზღვეული ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეები და ის, რომ გამოძიებამ არ მიჩქმალოს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები", - ამბობს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი, გურამ იმნაძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ჯანო ჭკადუას თქმით, შემთხვევაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა დაეწყო გამოძიება. ჭკადუა ამბობს იმასაც, რომ სისხლის სამართლის კოდექსი მტკიცებულებების განადგურების შემთხვევაში ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს.
სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. შესაბამისად ამ შემთხვევაში აღნიშნული საქმე უნდა გადაგზავნილიყო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა დაეწყო გამოძიება. სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს მტკიცებულებების განადგურების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს. სიუჟეტიდან იკვეთება, რომ მტკიცებულება ამოღებულ იქნა, თუმცა აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ საგამოძიებო მოქმედებების ადგილას, რაც არის დაუშვებელი და ამაზე უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება", - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ჯანო ჭკადუა.
ცნობისთვის, "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში სკანდალური კადრები 5 დღის წინ გავიდა, თუმცა ჯერ შემთხვევის ადგილზე არავინ გამოუკითხავთ და გამოძიება არც კადრებით დაინტერესებულა.