მნიშვნელოვანია, თუ სტატუსს მივიღებთ, "ოცნებამ" ამით 2024 წლის არჩევნებისთვის ქულები არ უნდა დაიწეროს - კორძაია
თამარ კორძაია ამბობს, რომ არცერთ იმ შეხვედრაზე არ ყოფილა, სადაც, ხათუნა სამნიძის თქმით, თქვეს, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას და მის 2024 წლისთვის გადადებას ითხოვდა.
კორძაია ხაზგასმით აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მთავარი სამიზნე ხელისუფლებაა და ახლა მნიშვნელოვანია, რომ სტატუსის მინიჭება ხელისუფლებამ და "ქართულმა ოცნებამ" თავის თავზე არ მიიწეროს და ამით 2024 წლის არჩევნებზე ქულები არ დაიწეროს.
მისი თქმით, ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას ხელს უშლის ხელისუფლება და "ქართული ოცნება.
მე არც იმ შეხვედრაზე ვყოფილვარ, საიდანაც ეს ინფორმაცია გამოიტანეს, მაგრამ მე ვთვლი, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს დღეს. პირველი ის, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ და სტატუსს თუ მივიღებთ, "ქართულმა ოცნებამ" ამით არ უნდა დაიწეროს 2024 წლის არჩევნებისთვის ქულები. ჩვენ საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ "ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა მხოლოდ იმიტომ, რომ 2024 წლის არჩევნებში მეტი ხმა მიიღოს და არა იმიტომ რომ ევროპული ღირებულებებით იცხოვროს ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა უშლის ხელს ამ ქვეყანაში ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას. ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას ხელს უშლის ხელისუფლება და "ქართული ოცნება". - ამბობს თამარ კორძაია.
შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.
ხათუნა სამნიძის ამ განცხადებას დიდი აღიარება უწოდა ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სამნიძე კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა.
"ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და ნიკა გვარამია "ოცნების" იმ ჩამონათვალშია, ვინც კობახიძის მტკიცებით, პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ეუბნება, რომ წლის ბოლოს ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიანიჭონ.