ნება იბოძეთ და მეტი სიმკვეთრე შეიტანეთ პოზიციაში ან არ გაგიკვირდეთ თუ ხალხი ოცნებაზე მიყიდვაში დაგადანაშაულებთ- ხაბეიშვილი ოპოზიციის წევრებს
” არ მინდა ვიფიქრო, დავუშვა და დავიჯერო, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების უკან რუსული პარტიის ინტერესების გატარებაა, კონკრეტული ოპოზიციონერების მხრიდან. ნება იბოძეთ, გამოდით და მეტი სიმკვეთრე შეიტანეთ პოზიციაში ან არ გაგიკვირდეთ თუ ხალხი ოცნებაზე მიყიდვაში, მათ თამაშში დაგადანაშაულებთ.” - ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგანგებო განცხადებაში საუბრობს, რითაც რიგი ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის ირგვლივ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმიანება.
ხაბეიშვილის თქმით, “კანდიდატის სტატუსის მთავარი საბოტაჟის მომწყობი, არის “რუსული ოცნება.
“უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში, 3 - ჯერ შევხვდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ყოველ ჯერზე, შეხვედრაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვიყავით, ვართ და ვიქნებით კანდიდატის სტატუსის მთავარი ლობისტები! იმავეს ადასტურებს ბატონი ელჩიც მისი განცხადებებში.
კანდიდატის სტატუსის მთავარი საბოტაჟის მომწყობი, არის რუსული ოცნება, კობახიძე, ღარიბაშვილი და მათი ბატონი - ბორენკა.
მოვუწოდებ ყველას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ განცხადებებს, შეფასებებს და მხოლოდ იმიტომ, რომ მედიაში გამოჩნდნენ, ამის გამო ივანიშვილისა და რუსული პარტიის პროპაგანდას, სიცრუის მანქანას საკვებს ნუ მისცემთ. მეტი პასუხისმგებლობა, გამჭრიახობა და სიფრთხილე გმართებთ.
ნუ იქნებით მაშველი რგოლი პუტინისტური რეჟიმის პროპაგანდის.” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს.
ხათუნა სამნიძის ამ განცხადებას "დიდი აღიარება" უწოდა ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სამნიძე კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა.
"ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და ნიკა გვარამია - "ოცნების" იმ ჩამონათვალშია, ვინც კობახიძის მტკიცებით, პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ეუბნება, რომ წლის ბოლოს ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიანიჭონ.