მთავარი ის კი არ არის, რა ვთქვით ან როდის, ჩვენი კოლეგები რომ აგრძელებენ ისევ საუბარს, ესაა პრობლემა - სამნიძე

25.10.23 19:18
მთავარი ის კი არ არის, რა ვთქვით ან როდის, ჩვენი კოლეგები რომ აგრძელებენ ისევ საუბარს, ესაა პრობლემა - სამნიძე

ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი დახურულ კარს მიღმა ისევ აგრძელებს საუბრებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არჩევნების შემდეგ მეიცეს.

სამნიძე სწორედ ამაში ხედავს პრობლემას და არა იმაში, რომ ეს ინფორმაცია, მან და ხატია დეკანოიძემ გათქვეს.

"რესპუბლიკელების" ლიდერის თქმით, ახლა იმიტომ ალაპარაკდნენ ამაზე, რომ პარტნიორებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ მოდის ერთგვაროვანი გზავნილები ოპოზიციიდან. 

აქამდეც იყო ამაზე საუბარი პოლიტიკურ სპექტრში, არასამთავრობო სექტორშიც. ის კი არ არის მთავარი, მე და ხატიამ რა ვთქვით, ან როდის ვთქვით, ეს რომ გრძელდება და ჩვენი კოლეგები რომ აგრძელებენ დახურულ კარს მიღმა საუბარს, რომ ახლა სტატუსი კი არა არჩევნების შემდეგ, ეს არის პრობლემა, შინაარსი არის პრობლემა და ვინც ეს იცის, გამოვიდნენ და თქვან და არა თვალი ადევნონ, როგორ მიდის ახლა თავდასხმები, რომელსაც ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.

ახლა იმიტომ ვთქვი, რომ პარტნიორებმა გვითხრეს ჩვენ. ქალი დეპუტატები ვგეგმავთ ბრიუსელში ვიზიტს და როდესაც ვაორგანიზებთ ამ შეხვედრებს, ვიღებთ ინფორმაცია, რომ იცით რა, თქვენ ასე წვალობთ, ცდილობთ, ქალები ერთად დგახართ ამ პროცესში და ამ დროს ოპოზიციიდან არ არის ერთგვაროვანი გზავნილები. როდესაც პარტნიორები ამას სახავენ ერთ-ერთ დიდი პრობლემად, რომ არ არის ერთიანი მესიჯი, კი ამ დროს ვთვლი, რომ უნდა მივმართო ჩემს კოლეგებს, მათ შორის საჯაროდ". - განაცხადა სამნიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, გუშინ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. 

ხათუნა სამნიძის ამ განცხადებას დიდი აღიარება უწოდა ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სამნიძე კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა.

"ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და ნიკა გვარამია "ოცნების" იმ ჩამონათვალშია, ვინც კობახიძის მტკიცებით, პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ეუბნება, რომ წლის ბოლოს ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიანიჭონ.

 

მსგავსი სიახლეები