ეს არის ევროპული ინტერესების ღალატი - პრემიერმა ოპოზიცია საბოტაჟში ბრიუსელიდან დაადანაშაულა
ეს არის ევროპული ინტერესების ღალატი - პრემიერმა ოპოზიცია საბოტაჟში ბრიუსელიდან დაადანაშაულა და თქვა, რომ სამარცხვინოა ის აღიარება, რაც ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა საჯაროზე გამოიტანა.
მე ამას დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესების ღალატს. როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ცუდი გიხაროდეს, მითუმეტეს მიმართო ევროპელ კოლეგებს, რომ არ მისცენ სტატუსი. ეს ძალიან მძიმე საყურებელია და იყო და ამიტომ ვსაუბრობდი მე ამ ყველაფერზე ღიად. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ ვაქარწყლებთ ან ნეგატიურ ნარატივს და დეზინფორმაციას , რომელიც მოედინება ოპოზიციონერების მხრიდან. ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა იციან რეალობა. ეს არის აღიარება. მინდა ვთქვა, რომ სასიხარულოა, რომ თავად აღიარეს ეს სამარცხვინო ქმედება". - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, გუშინ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.
ხათუნა სამნიძის ამ განცხადებას დიდი აღიარება უწოდა ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სამნიძე კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა.
"ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და ნიკა გვარამია "ოცნების" იმ ჩამონათვალშია, ვინც კობახიძის მტკიცებით, პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ეუბნება, რომ წლის ბოლოს ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიანიჭონ.