რეგიონში საქართველოს როლი იზრდება - დავითაშვილი
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმთან" დაკავშირებით კომენტარს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აკეთებს და ამბობს, რომ ფორუმის მიმართ დაინტერესება რეგიონში საქართველოს როლის გაზრდაზე მიანიშნებს.
დავითაშვილის თქმით, საქართველოს სტაბილური, საინტერესო და დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკა ინვესტორებისთვის მიმზიდველია.
პანდემიის გამო წინა წლებში ჩვენ ვერ მოვახერხეთ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩატარება და დღეს, პოსტპანდემიურ პერიოდში დაინტერესება არის ძალიან დიდი, ისეთი როგორიც არასდროს აქამდე. გვყავს 2000-ზე მეტი მონაწილე, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული და ეს არ არის მხოლოდ მაღალი დონის პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა, არამედ, ჩვენ ვხედავთ ბიზნესის ძალიან აქტიურ ჩართულობას. ფორუმის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს, რაც მიანიშნებს იმას, რომ ზოგადად საქართველოს როლი იზრდება რეგიონში. საქართველო, როგორც სტაბილური, საინტერესო და დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკა მიმზიდველია ინვესტორებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის ეს არის ხელსაყრელი გარემო და დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმის ფარგლებში ძალიან ბევრი წარმატებული გარიგება მოხდება ბიზნესებს შორის და ასევე, იქნება ძალიან საინტერესო დისკუსიები პოლიტიკოსების მხრიდან ამა თუ იმ თემაზე.
იცით, რომ ჩვენ ბევრ მიმართულებას ვფარავთ - ტრანსპორტი, შუა დერეფნის პერსპექტივები, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ფინანსები და ბევრი სხვა, რაზეც ფორუმის ფარგლებში გვექნება მსჯელობა. ფორუმი დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩაივლის და საქართველოს პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. საქართველოშიც უნდა ხდებოდეს მაღალ დონეზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.