საეჭვო ფული უწყების თანამშრომლებს - პოლიციელი, რომელსაც ცოლის მამიდამ ერთ წელში ფული 24-ჯერ აჩუქა, იმალება
პოლიციელი, რომელსაც ცოლის მამიდამ, ერთ წელში ფული 24-ჯერ აჩუქა იმალება, თუმცა გლდანი-ნაძალადევის მეათე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბაკურ გიორგობიანი "პირველების" კამერასთან არ გამოჩენილა.
არადა, პოლიციელს მხოლოდ ერთ წელიწადში ცოლის მამიდისგან 15 000 ამერიკულ დოლარამდე აქვს მიღებული. მეუღლის მამიდა არ არის ერთადერთი, ვინც გიორგობიანს დეკლარაციის მიხედვით თანხას ჩუქნის. დოკუმენტში 4 გვერდი მხოლოდ საჩუქრებს ეთმობა. შსს-ს თანამშრომელი საჩუქრებს იღებს მეუღლის მამიდაშვილის შვილისგან, ცოლის მეგობრისგან, სიდედრისგან და ა.შ. საუბარია, საერთო ჯამში 10 ათასობით დოლარზე.
28 მილიონი ლარი საჩუქრად მთავრობის წევრებს და საჯარო მოხელეებს - კვლევა "თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გუშინ გამოაქვეყნა.
დაუდგინდა, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს საეჭვო ფულს ჩუქნიან დედები, მამები, მამიდები და შორეული ნათესავები.
კვლევაში მოხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნის სამმართველოს უფროსი, ლიანა ლატარია, რომელსაც კვლევის თანახმად ერთ წელიწადში მშობლებმა 120 000 ევროს ღირებულების "პორშე" და საცხოვრებელი ბინა აჩუქეს. საჩუქრის სახით ამ უკანასკნელმა დამატებით 60 000 ლარიც მიიღო.
"ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტში" (IDFI) ამბობენ, რომ საეჭვო დეკლარაციების მონიტორინგი კორუფციულმა ბიურომ უნდა შეისწავლოს. კვლევის თანახმად, ძვირი საჩუქრები ძირითადად იდენტიფიცირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. IDFI-ის წარმომადგენელი ამბობს იმასაც, რომ ინფორმაციის გამჭვირვალობა არ არსებობს და მათ ხშირად გასჭირვებიათ დაედგინათ ზუსტი კავშირები საჩუქრის გამცემსა და მიმღებს შორის.
დაახლოებით 400-მა თანამდებობის პირმა მიიღო ჯამში მიიღო 28 მლნ ლარამდე ღირებულების საჩუქარი. საყურადღებოა განსაკუთრებით დიდი ოდენობის საჩუქრები, რომლებსაც იღებენ მაღალი კორუფციული რისკის მქონე თანამდებობაზე მყოფი პირები, თუმცა ამ შემთხვევაში ძირითადად საჩუქრის მიღება ხდება ოჯახის წევრებისგან და ახლო ნათესავებისგან, რომლისგანაც კანონმდებლობა არ ზღუდავს. ყველაზე ძვირი საჩუქრები ძირითადად იდენტიფიცირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. კორუფციულმა ბიურომ უნდა მოახდინოს შესწავლა მსგავსი დეკლარაციების და მეორე საკითხი, ჩვენ გვაქვს იგივე კანონმდებლობაში, გარკვეული ხარვეზი იმ კუთხით, რომ არ იძლევა აღსრულების კუთხითაც გამართულ მექანიზმებს, რომელიც გარკვეულწილად ართულებს ამ პროცესს, იგივე ინფორმაციის გამჭვირვალობის კუთხით, ჩვენ ხშირად გვიჭირდა დადგენა ზუსტი კავშირების საჩუქრის გამცემსა და მიმღებს შორის", - ამბობს "ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის" წარმომადგენელი.
ცნობისთვის, IDFI-მ კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 15 საეჭვო შემთხვევა გამოავლინა.