საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის რუხი ზონა არ უნდა იყოს - მწვავე გზავნილები სენატიდან
"საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის რუხი ზონა არ უნდა იყოს" - ეს არის გზავნილი, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკიდან მიიღო.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ჯეიმს ობრაიენი "ქართულ ოცნებას" აფხაზეთში რუსული ფლოტის განთავსებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო ბაზად გადაქცევის მცდელობის დაგმობისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ქართველი ხალხის 85-90%-ს კანონმორჩილი საზოგადოების ნაწილად ყოფნას სურს, რომელიც დაახლოებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან იქნება.
საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ახლა ხმაურობს, ცდილობს ეს ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს. ეს ის არის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ქართველი ხალხის 85-90%-ს სურს იყოს კანონმორჩილი საზოგადოების ნაწილი, მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. სურთ, ძალიან ახლოს იყვნენ შეერთებულ შტატებთან. საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა საქართველოს რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას.
ასე რომ, ჩვენი გამოწვევაა, მივუთითოთ ხალხს ყოველ ჯერზე: ახლა არის გარდამტეხი წერტილი, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ამიტომ, ჩვენ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც საქართველოს გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას. ჩვენ ვთქვით, რომ არის მთელი რიგი ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ - განაცხადა ობრაიენმა.