პატივს ვცემთ სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები საქართველოს ინტერესებს ეფუძნება - ანაკლიაზე
"აბრეშუმის გზის" ფორუმის საშუალებით რეგიონში საქართველოს როლი საგრძნობლად იზრდება - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისში მიმდინარე ფორუმის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, "აბრეშუმის გზის" ფორუმს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია, როგორც ანაკლიის პროექტის კუთხით, ასევე ევროპასა და აზიის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტის შექმნის მიზნით.
დავითაშვილის თქმით, ფორუმზე განხილული სამომავლო ქმედებები იძლევა საშუალებას, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდეს.
ქვეყნის როლი იზრდება ყველაზე მეტად, როგორც ალტერნატიული, საიმედო და უმოკლესი მარშრუტის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზის. ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, მაგრამ ანაკლიის პროექტით არ შემოიფარგლება დერეფნის კონკურენტუნარიანობა. საუბარია, როგორც აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს და ჩვენი რკინიგზის მოცულობა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, თითქმის, გაორმაგდეს. საუბარია სხვა საპორტო, როგორც მშრალ ისე საზღვაო საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ამაზეც იქნება ფორუმის ფარგლებში საუბარი - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, მთავრობის წევრის მტკიცებით, "ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით ვითარდება".
პატივს ვცემთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება საქართველოს ინტერესებს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებით ყურადღებით და პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში, - თქვა მან.
დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით პირველი ეტაპი დასრულდა და ორი ფინალისტი გამოვლინდა.
ზოგადად, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანი პროექტია „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც ათწლეულებს უკავშირდება და ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ანაკლიის პროექტით არ შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა. აქ საუბარია როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს და ჩვენი რკინიგზის მოცულობა თითქმის გაორმაგდეს, ასევე, საუბარია სხვა როგორც მშრალ, ასევე საზღვაო საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ამაზეც იქნება ფორუმის ფარგლებში საუბარი. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. პატივს ვცემთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება საქართველოს ინტერესებს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებით ყურადღებით და პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ დაგვხვდა ძალიან რთული მემკვიდრეობა, როდესაც ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო გასხვისებული, უპასუხისმგებლოდ, რამაც ათწლეულები შეზღუდა საქართველოს ამა თუ იმ ეკონომიკური დარგის კონკურენტუნარიანობა. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით და პროფესიონალურად”, - განაცხადა მინისტრმა.