რუსეთს ოკუპირებულ ფიჩორთან, ანაკლიიდან 4 კილომეტრში, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები სამი კვირაა დაწყებული აქვს

26.10.23 11:30
რუსეთს ოკუპირებულ ფიჩორთან, ანაკლიიდან 4 კილომეტრში, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები სამი კვირაა დაწყებული აქვს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სამხედრო საზღვაო ფლოტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ფიჩორთან, ანაკლიიდან 4 კილომეტრში, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები უკვე სამი კვირაა დაწყებულია.

DRI-ის შეფასებით, ანაკლიიდან 4 კილომეტრში რუსული საზღვაო ფლოტის განთავსებაზე ხელისუფლების რეაგირება არასაკმარისია.

სოფელი ფიჩორი გალის რაიონის დაბალ ზონაში მდებარეობს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ადგილობრივი საკონტაქტო პირების განცხადებით:

  • რუსი სამხედროები, ადგილობრივებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ფიჩორს ექნება ოჩამჩირის დიდი სამხედრო საზღვაო ბაზის დამხმარე ფუნქცია;
  • სამხედრო ბაზის მშენებლობა დაწყებულია;
  • რუსები, მიმდინარე პერიოდში, აქტიურად ატარებენ წვრთნებს, რა დროსაც გამოყენებული იყო დრონების შეტევის იმიტაცია ოჩამჩირის სამხედრო პორტზე;
  • ოჩამჩირის მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების პროცესი, რაც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ფლოტის განთავსება ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ამ დრომდე მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის დეკლარირებული პროტესტი არასაკმარისი და არაეფექტიანია. იმ მოცემულობაში, როდესაც მტრული სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებას, საქართველოს ხელისუფლებამ, სულ მცირე, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:

  • საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ ინიციირებული რეზოლუცია „რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ“;
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეების შესახებ;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზაცია საკითხის მნიშვნელობის გარშემო.

 DRI-ის განცხადება ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები