ევროპისგან მოველით სამართლიან გადაწყვეტილებას, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - პრემიერი

26.10.23 13:02
ევროპისგან მოველით სამართლიან გადაწყვეტილებას, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - პრემიერი

საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მოველით ევროპისგან შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას - ასეთი გზავნილი ჰქონდა ქვეყნის პრემიერს აბრეშუმის გზის ფორუმზე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების თანდასწრებით,  ტრიბუნიდან ღარიბაშვილი ისევ გრძელვადიან მშვიდობაზე საუბრობდა. პასუხისმგებლობის მთელ ტვირთს კი ევროკავშირს ჰკიდებდა. 

მისივე თქმით, ევროპულ ერთა ოჯახში გაწევრიანება ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის.

„მართლაც აღსანიშნავია მთავრობის მიღწევები, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადასტურებს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს ევროპული პერსპექტივის ჩათვლით, რომელიც გასულ ივნისში დადასტურდა. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოველით ევროპისგან შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მართლაც დამსახურებით მიღწეულ იქნას კანდიდატის სტატუსი და ეს იქნება ჩვენი ხალხისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდება საქართველოს პროგრესი, რაც გზას გაგვიხსნის კანდიდატის სტატუსისკენ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.