ვინ იგულისხმა ჯეიმს ობრაიანმა პოლიტიკური გავლენების მქონე პირებში - რას ამბობს სალომე სამადაშვილი

26.10.23 13:31
ვინ იგულისხმა ჯეიმს ობრაიანმა  პოლიტიკური გავლენების მქონე პირებში - რას ამბობს სალომე სამადაშვილი

ვინ იგულისხმა ჯეიმს ობრაიანმა  პოლიტიკური გავლენების მქონე პირებში, ვისაც უნდა საქართველო რუხი ზონა გახდეს? - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სენატში გაკეთებულ უმწვავეს განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა იგულისხმება.

რაც შეეხება ამერიკული სანქციების მთავარი არქიტექტორის კიდევ ერთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ქართველებისთვის დაწესებული სანქციების  მიზანი რეფორმები იყო".

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება შტატების მიერ ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანის მხარდაჭერაა.

როდესაც დაასანქცირა "ქართული ოცნების" არაფორმალური მმართველი ბატონი ფარცხალაძე, ამით ნათელი გახადა, რომ ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის დემოკრატიულ, ევროატლანტიკურ არჩევანს და მეორე მხრივ, საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პირები უქმნიან დაბრკოლებებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ მომავალს და ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-თან - აღნიშნა სამადაშვილმა.

"საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის რუხი ზონა არ უნდა იყოს" - ეს არის გზავნილი, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკიდან მიიღო.

ახლა კითხვა ისაა, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები, რომ საქართველო იყოს რუხი ზონა, რუსეთსა და დასავლეთს შორის - თქვა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სენატში გამართულ მოსმენაზე.