კანონში შავი ხვრელი არსებობს, რომელსაც ღარიბაშვილის ხელისუფლების ჩინოსნები სათავისოდ იყენებენ - ოპოზიცია კორუფციაზე
"კანონში შავი ხვრელი არსებობს, რომელსაც ღარიბაშვილის ხელისუფლების ჩინოსნები სათავისოდ იყენებენ" - ასეთ შეფასებას უკეთებს ოპოზიცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც მთავრობის მაღალჩინოსნების მიერ 28 მლნ ლარის საჩუქრების მიღებას უკავშირდება.
ირკვევა, რომ თანამდებობის პირებმა საჩუქრების ძირითადი ნაწილი 90% მიიღეს ახლო ნათესავებისგან, ოჯახის წევრებისგან როგორების არიან მშობლები, თუმცა 8%-ს დაახლოებით 2 მილიონი ლარის საჩუქრები მიღებული არის ნათესავებისგან, რომელიც კანონითაც კი შეზღუდულია და იღებენ მეგობრებისგან ან სამსახურისგან. საკითხავია ამ უკანონო ნაწილით მაინც რატომ არ არის დაინტერესებული გამოძიება და სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური.
პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრის, საბა ბუაძის თქმით, ოჯახის წევრის მიერ საჩუქრის ჩუქება არის ე.წ. "კორუფციული შავი ხვრელი", ამას კი "ქართული ოცნება" კორუფციული და დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზებისათვის იყენებს.
ოჯახის წევრის მიერ საჩუქრის ჩუქების ინსტიტუტი არის ის ერთ-ერთი კორუფციული შავი ხვრელი, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს, საკუთარი კორუფციული და დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზებისათვის. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზი და ეს ხარვეზი ყველაზე კარგად გამოაჩინა ღარიბაშვილის მაგალითმა, სადაც მამამ 35 ათასი ევროს ღირებულების კერძო თვითმფრინავის რეისი აჩუქა. ოჯახის წევრების მიერ თანამდებობის პირებისთვის ფულადი საჩუქრების კეთება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ამ კორუფციული ქონების ლეგალიზების", - ამბობს პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, კარიერულად როგორც კი წინაურდებოდნენ ჩინოვნიკების ქონება იზრდებოდა და მატულობდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მათ საჩუქრებს აძლევდნენ.
მისი შეფასებით, ეს არის არალეგალური დაუსაბუთებელი, მოპარული ფული, ან არის ბიზნესიდან შემოსავალი:
ამ ჩინოვნიკების დეკლარაციები, რომ ნახოთ მათი შევსებული პირველი დეკლარაცია და ბოლო დეკლარაცია, ვნახავთ, რომ პირველ დეკლარაციაში ამ ხალხს არანაირი ქონება არ გააჩნდა და არც მამიდები, ბიძები და სიდედრები, მამამთილები ჩუქნიდნენ ფულებს. კარიერულად როგორც კი წინაურდებოდნენ ადამიანები, მათი ქონება იზრდებოდა და მატულობდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მათ საჩუქრებს აძლევდნენ. თანხები, რომლებიც ამ ადამიანებმა საჩუქრით "გააპრავეს" ეს არის თანხები, რომელ შემოსავალსაც არ გვაჩვენებენ, ანუ ეს არის არალეგალური დაუსაბუთებელი, მოპარული ფული, ან არის ბიზნესიდან შემოსავალი, რომელ ბიზნესსაც არ წერენ დეკლარაციებში და ამასაც მალავენ, როგორიც პირველი ასევე მეორე შემთხვევა ორივე არის დანაშაული", - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესიკ დონაძე.
შეგახსენებთ, IDFI-მ კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 15 საეჭვო შემთხვევა გამოავლინა.
ახლა მთავარი კითხვაა როდის დაინტერესდება სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური და გაარკვევენ თუ არა საიდან აქვთ ფული ან აქვთ თუ არა საერთოდ საჯარო მოხელეების ნათესავებს.