სამნიძეს ოპოზიციონერი კოლეგები აბულინგებენ - კობახიძე

26.10.23 14:03
სამნიძეს ოპოზიციონერი კოლეგები აბულინგებენ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხათუნა სამნიძეს იცავს და ამბობს, რომ "რესპუბლიკელების" ლიდერი დიდი აღიარების შემდეგ ოპოზიციონერი კოლეგების ბულინგის მსხვერპლია.

კობახიძის თქმით, სამნიძემ გათქვა ის, რასაც "ქართული ოცნება" დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა.

„სამნიძე უკვე მეორედ ხდება თავისი ოპოზიციონერი კოლეგების ბულინგის მსხვერპლი. პირველად ეს იყო როდესაც მან მხარი დაუჭირა ლევან იოსელიანის კანდიდატურას და მეორედ ახლა, როდესაც მან გაიმეორა ის სიმართლე, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამტკიცებდით. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია ჩართული იყო იმ აგიტაციაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭებისკენ ჩვენი ქვეყნისთვის. ეს სიმართლე თქვა ხათუნა სამნიძემ და, რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია დანარჩენი ოპოზიციონერების განაწყენება. ეს ბულინგის ამის ლოგიკური გამოხატულებაა. ჩვენ ამას ვამბობდით დიდი ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ სხვა სუბიექტები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ამ ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაში“, - აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ,  „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. 

ხათუნა სამნიძის ამ განცხადებას გუშინ დიდი აღიარება უწოდა ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სამნიძე კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა.

"ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და ნიკა გვარამია "ოცნების" იმ ჩამონათვალშია, ვინც კობახიძის მტკიცებით, პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ეუბნება, რომ წლის ბოლოს ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიანიჭონ.