ერთმანეთის მიმართ თითს იშვერენ და იმდენი გამბედაობაც არ აქვთ, რომ სახელები დაასახელონ - პაპუაშვილი ოპოზიციაზე
"ერთმანეთის მიმართ თითს იშვერენ, მაგრამ იმდენი გამბედაობა არ აქვთ, რომ ის ადამიანი დაასახელონ, ვინც მართლაც ამ ქვეყნის ღალატში იყვნენ ჩართულნი" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, "თითო-ოროლას გარდა", საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ მუშაობენ.
რაც შეეხება ოპოზიციას, ერთმანეთისთვის იმის გადაბრალება, ვინ ეწინააღმდეგება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, იმას აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ ოპოზიციის შიგნით. ახლა ცდილობენ, რომ თავს უშველონ და ის, ვინც წურბელასავით მიკრული იყო სხვა ორგანიზაციებს, ახლა "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული ხალხი ახალ სხეულს ეძებს, ვისაც წურბელასავით მიეკრობა რაღაც პოლიტიკური მოგების მისაღებად.
თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ოპოზიციაში ყველა უკლებლივ სტატუსის წინააღმდეგ მუშაობდა. ამას დიდი კონსპირაციები და დახურული შეხვედრების ინფორმაციის გამოტანა არ სჭირდება. იმდენი გამბედაობაც კი არ აქვთ, რომ სახელები დაასახელონ. ერთმანეთის მიმართ თითს იშვერენ, მაგრამ იმდენი გამბედაობა არ აქვთ, რომ ის ადამიანი დაასახელონ, ვინც მართლაც ამ ქვეყნის ღალატში იყვნენ ჩართულნი. ერიდებათ, რომ მოღალატეები დაასახელონ, რაც მათ ღირებულებებზე მეტყველებს.
ამ პროცესში ყველა ჩართული იყო და ამას ჩვენი თვალით ვხედავდით. ჩემს შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ხოლმე და ამ ყველაფერს პირდაპირ ვხედავდით. როცა თავად ოპოზიციას ამხელენ, მაგალითად, ქალბატონი სამნიძე იმავე აბზაცში ამბობს, რომ ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, როგორი ცუდი ქვეყანა ვართ. ამ ყველაფერს ამბობს და რატომღაც ჰგონია, რომ კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლაა, როცა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მიდიხარ და ეუბნები - რამდენად ცუდი ქვეყანა გვაქვს, რამდენად მაჩანჩალა ქვეყანა ვართ". - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.
ხათუნა სამნიძის ამ განცხადებას გუშინ დიდი აღიარება უწოდა ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სამნიძე კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა.
"ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და ნიკა გვარამია "ოცნების" იმ ჩამონათვალშია, ვინც კობახიძის მტკიცებით, პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ეუბნება, რომ წლის ბოლოს ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიანიჭონ.