სასტუმროს ერთით მეტი სართული მიაშენეს - "ამბასადორის" მეპატრონეს უკანონო მშენებლობაში ადანაშაულებენ
სასტუმრო "ამბასადორის" მეპატრონეს უკანონო მშენებლობაში ადანაშაულებენ. რამდენიმე თვის წინ, გადამწვარი შენობა რეკონსტრუქციის რეჟიმშია, თუმცა როგორც გაირკვა, ხუთ ვარსკვლავიან კომპლექსს ერთით მეტი სართული მიაშენეს.
არსებული ცნობებით, ქებურიების ოჯახი ზედამხედველობის სამსახურმაც დააჯარიმა, თუმცა შავთელის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე არავის შეუწყვეტია.
ხელოვნებათმცოდნეებს განგაშის სიგნალი აქვთ ჩართული და ამბობენ, რომ ქალაქის ისტორიული იერსახე მახინჯდება, რაზეც თბილისის მერია თვალს ხუჭავს.
ახლა ჩვენ სადაც ვართ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა, გარდა ამისა, თბილისის უმნიშვნელოვანესი ძეგლი ანჩისხატის ეკლესია, რომელსაც ეროვნული კატეგორიაა აქვს, მას თავისი დაცვის არეალი აქვს. აქ თავის დროზე კომუნისტების დროს აშენებული ე.წ. "ლაღიძის წყლების" შენობა იდგა, რომელიც მასშტაბით და გაბარიტებით საკმაოდ დაბალი იყო და არ ჩრდილავდა მთავარ ობიექტს ანჩისხატს, იგივე მეთოდით აგრძელებს, რადგან რა პროექტიც შეიტანა დაწვის შემდეგ ის პროექტი არ ხორციელდება და ძალიან დიდი გაბარიტები არის დათმობილი ახალი ნაგებობისათვის. გარდა იმისა, რომ გაბარიტებით მასშტაბით და სილუეტით ის აბსოლუტურად არ ეწერება ისტორიულ ზონაში თვითონ არქიტექტურა არის მდარე", - ამბობს ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგი, "თბილისის ჰამქარის" თავმჯდომარე, ცირა ელისაშვილი.
ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის გიორგი შარაშიძის თქმით, როდესაც რიგითი მოქალაქისთვის ელემენტარული ჩარევა ფასადის გამოცვლაზეც შეუძლებელი იყოს და ნებართვა ვერ მიიღოს, "ოცნების" შემომწირველებთან, კალაძესთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან ეს ყველაფერი შესაძლებელია.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რიგითი მოქალაქისთვის შეიძლება ელემენტარული ჩარევა ფასადის გამოცვლაზეც კი შეუძლებელი იყოს და ამის ნებართვა ვერ მიიღოს, მაგრამ როდესაც ეს არის დაკავშირებული ოცნების შემომწირველებთან ანუ კალაძესთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან მათთვის ყველაფერი შესაძლებელია. ვხედავთ, რომ მიუხედავად ჯარიმისა ისინი მაინც აგრძელებენ მშენებლობას და ბუნებრივია ეს ბადებს ისევ პოლიტიკური კორუფციასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს, რომ არა პოლიტიკური კორუფცია, ბუნებრივია ამ კომპანიის მფლობელი ვერ გაბედავს და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას", - ამბობს ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაშიძე.
შეგახსენებთ, სასტუმრო "ამბასადორში" ხანძარი რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, ამის შემდეგ როგორც ირკვევა, სასტუმრომ რეაბილიტაციის სამუშაოები უნებართვოდ დაიწყო და თან სასტუმროს ერთი სართული ასევე უნებართვოდ დააშენა.