"არაა პირველი შემთხვევა" - ჯაღმაიძე ამბობს, რომ მლეთაში ოკუპანტები "კვირაში ერთხელ, ორჯერ ადიან"
ოკუპანტები ლომისის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში - საპატრიარქომ დუმილი დაარღვია. საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სოფელ მლეთაში ჩავიდა. მამა ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ რუსი ოკუპანტები ადგილზე "კვირაში ერთხელ ან ორჯერ ადიან".
სასულიერო პირი სპეციალურ ვიდეო-მიმართვაში ამბობს, რომ 2009 წელს რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გაატარეს სწორედ იმ ქედზე, რომელზეც მდებარეობს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
2009 წლიდან ეს სასაზღვრო პატრული ამოდის ამ ტერიტორიაზე. კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი, ე.წ. საზღვარი ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა. პირობითი საზღვარი და ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი სწორედ ამ ჩვენს წმ. გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული, ქედის იქითა მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდეც რუსული ბაზა, მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან, ეს გუშინდელი გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. უცნაურობაა, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას ააფრინეს დრონი, თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა, ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ასეთი შემთხვევები, ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით ხდება მუდმივად, და როგორც გითხარით, ეს არის სასაზღვრო ზოლი და ამიტომ აქ, ამ სასაზღვრო ზოლზე ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები", - თქვა ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძის Facebook ჩართვაში მამა გრიგოლის პოზიციაც გაჟღერდა, სასულიერო პირი აცხადებს, რომ "განსაკუთრებული არაფერი მომხდარა" და ოკუპანტები ტერიტორიაზე ყოველთვის პატრულირებენ.
მლეთის ხეობაში გადაღებული კადრები გუშინ გავრცელდა - კადრებში ჩანს, რომ ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში სრულიად თავისუფლად გადაადგილდებიან. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გადმოკვეთეს ოკუპანტებმა ე.წ საზღვარი და როგორ ზვერავენ ტერიტორიას მლეთის ხეობიდან.
საუბარია სადაზვერვო ჯგუფზე, რომლის შეიარაღებული წევრები ჯერ კიდევ გუშინ ერთ-ერთმა მომლოცველმა დაინახა. ისინი დრონების საშუალებით ზომავდნენ მლეთის ხეობას. სად იყო ამ დროს საზღვრის დაცვის პოლიცია, რატომ ვერავინ გაიგო რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ საზღვრის გადმოკვეთის ამბავი და თუ გაიგეს, რატომ არ მოახდინეს რეაგირება? ფაქტია, რომ რუსეთი ახალ საოკუპაციო გეგმას ამზადებს და ამ ყველაფერს მთავრობა დუმილით ხვდება.