ტყუილი და სრული დეზინფორმაციაა, რომ USAID რევოლუციურ პროცესებს უჭერს მხარს - USAID ელჩი

26.10.23 17:12
ტყუილი და სრული დეზინფორმაციაა, რომ USAID რევოლუციურ პროცესებს უჭერს მხარს - USAID ელჩი

ტრენინგების საქმეზე დაწყებულ გამოძიებასა და USAID-ის მიმართ სახელისუფლებო გუნდის ბრალდებებს USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორი, ელჩი ერინ ელიზაბეთ მაკკი ეხმაურება. 

ელჩი არ მალავს, რომ საქმეს აბსურდულად აფასებენ, რადგან მათი პროგრამის მიზანი არა რევოლუციის მოწყობა, არამედ დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაა.

ის ბრალდებები, რაც ჩვენი მისამართით იყო არის ტყუილი და სრული დეზინფორმაცია. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დემოკრატიის გაძლიერებისთვის, მათ შორის არჩევნების დემოკრატიულობაში, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და რაშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი წვლილი აქვთ. ტყუილია, რომ USAID რევოლუციურ პროცესებს უჭერს მხარს,“ - ამბობს ელჩი.

შეგახსენებთ, კინოპროდიუსერები, მსახიობები, მწერლები, ფოტოგრაფები, ლექტორები და ჟურნალისტები - ყველა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. საგამოძიებო უწყებაში იბარებენ ყველას, ვინც "USAID"-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ესწრებოდა. შეხვედრაზე, რომელიც ლილუაშვილის უწყებამ რევოლუციის მოწყობის მცდელობად შერაცხა, გამოძიება ახლაც გრძელდება. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან.