რუსეთის ფლოტის დასახმარებლად, ანაკლიიდან 4 კმ-ში, სამუშაოები მიმდინარეობს - DRI
ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ფიჩორთან, ანაკლიიდან 4 კილომეტრში, სამხედრო საზღვაო ფლოტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები უკვე სამი კვირაა დაწყებულია. ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ავრცელებს. სოფელი ფიჩორი გალის რაიონის დაბალ ზონაში მდებარეობს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების რეაგირება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოთხ კილომეტრში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასაკმარისი და შესაბამისად, არაეფექტიანია.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ადგილობრივი საკონტაქტო პირების მიერ მიწოდებულ ცნობებს აქვეყნებს:
რუსი სამხედროები, ადგილობრივებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ფიჩორს ექნება ოჩამჩირის დიდი სამხედრო საზღვაო ბაზის დამხმარე ფუნქცია;
სამხედრო ბაზის მშენებლობა დაწყებულია;
რუსები, მიმდინარე პერიოდში, აქტიურად ატარებენ წვრთნებს, რა დროსაც გამოყენებული იყო დრონების შეტევის იმიტაცია ოჩამჩირის სამხედრო პორტზე;
ოჩამჩირის მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების პროცესი, რაც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების რეაგირება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოთხ კილომეტრში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასაკმარისი და შესაბამისად, არაეფექტიანია," - აცხადებენ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში".