ომის მიზნები - პუტინის სამხედრო პოლიტიკური მიზნები გვიახლოვდება, გადმოდის ჩვენს ტერიტორიაზე - გიორგი შაიშმელაშვილი
„ის, რასაც „ოცნება“ უწოდებს ომის თავიდან არიდების პოლიტიკას, ამასობაში ვიღებთ ვითარებას, როდესაც ომის მიზნები - პუტინის სამხედრო პოლიტიკური მიზნები გვიახლოვდება, გადმოდის ჩვენს ტერიტორიაზე,“ - ეს განცხადება „სამოქალაქო იდეას“ ანალიტიკოსმა, გიორგი შაიშმელაშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც შაიშმელაშვილი ამბობს, საქართველოს მთავრობას არასწორი პოლიტიკა აქვს, როდესაც ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ სამხედრო საზღვაო ბაზის გაკეთების შემდეგ მან მკაფიო პოზიცია არ დააფიქსირა, როგორც ოკუპანტი ქვეყნის, ისე უკრაინის მიმართ.
ჩემი აზრით, ხელისუფლების მხრიდან კრიზის-მენეჯმენტის ნაწილი უნდა ყოფილიყო ისიც, რომ მას უნდა განეცხადებინა, რომ ოჩამჩირე, ერთი მხრივ, არ არის ჩვენი ეფექტური კონტროლის ზონა, მეორე მხრივ, მიგვაჩნია, რომ კი, უკრაინის ხელისუფლებისთვისაც გვეთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნით მათი მხრიდან განადგურებას, თუმცა ისიც უნდა განგვეცხადებინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იქ არ არის ჩვენი ეფექტური კონტროლი და მეორე მხრივ, ის არის ლეგიტიმური სამიზნე, იქ ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები იმის მიუხედავად, რა განწყობა აქვთ მათ თბილისის მიმართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ლეგიტიმურ სამიზნეზე ზემოქმედება მოხდეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში არსებული მსხვერპლის მაქსიმალურად აცილების ხარჯზე. რაღაც მსგავსი რომ გვეთქვა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით ღიად ომში ჩართულები,“ - განაცხადა შაიშმელაშვილმა.