საახალწლო დეკორაციებში მერია 730 000-ს დახარჯავს - ვინ არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია

27.10.23 11:50
საახალწლო დეკორაციებში მერია 730 000-ს დახარჯავს - ვინ არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია

საახალწლო დეკორაციებში მერია ნახევარ მილიონზე მეტს დახარჯავს. 730 000 ლარი ნაძვის ხისა და საშობაო ატრიბუტიკის შესაძენად კალაძის უწყებამ უკვე გამოყო. დედაქალაქში 24 მეტრიანი საშობაო ნაძვის ხე უნდა დადგან, რომელსაც 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება ექნება.

ტენდერში გაიმარჯვა შპს "რამის შოუს სტუდიამ", რომელთანაც ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება. სწორედ ეს კომპანიაა ახლა პასუხისმგებელი, რომ  "თბილსერვის ჯგუფს" მიაწოდოს ნაძვის ხე.

მდიდრული ახალი წელი გაჭირვებულ ქალაქში კრიტიკის საფუძველი ხდება მაშინ, როცა თბილისში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ ამ თანხებს მერია შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად დახარჯავდა.

"ლელო საქართველოსთვის" წევრი საბა ბუაძის თქმით, სხვა სათქმელი და შესათავაზებელი ამ ხელისუფლებას ხალხისთვის არაფერი დარჩა. ბუაძე ამბობს იმასაც, რომ გაჭირვების ფონზე საახალწლო გაფორმებების და ახალი ნაძვის ხის შეძენა უპასუხისმგებლო და არარაციონალური ხარჯია.

თბილისზე ბევრად უფრო მდიდარი ქალაქები არ ცვლიან საახალწლო ნაძვის ხეს იმ სიხშირით, რა სიხშირითაც კალაძე ცვლის ნაძვის ხეს, ხარჯავს ასეულობით ათას და მილიონობით ლარს ყოველ წელს იმისათვის, რომ საზოგადოებას შესთავაზოს რაღაც ტიპის სანახაობა, ვინაიდან სხვა სათქმელი და შესათავაზებელი ხალხისთვის ამ ხელისუფლებას აღარაფერი დარჩა და ამიტომაც ჩვენი ბიუჯეტიდან ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან იხარჯება მილიონობით ლარი იმისათვის, რომ საახალწლო გაფორმებები, ახალი ნაძვის ხეები შეიძინონ, რაც არის უპასუხისმგებლო და არარაციონალური ხარჯი", - ამბობს "ლელო საქართველოსთვის" წევრი საბა ბუაძე.

 ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძის თქმით, ქალაქში სადაც უამრავი ბავშვი შიმშილობს, ოჯახებს საჭმლის ფული არ აქვს და უამრავ პენსიონერს წამლის ფული არ აქვს მერია ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავდეს ახალი ნაძვის ხის შესაძენად, ეს არის თანხების არარაციონალური ხარჯვა. ნადირაძის თქმით, ყველაფერს კახა კალაძის კორუფციასთან მივყავართ.

წარმოუდგენელია, რომ ამ გაჭირვებულ გაუბედურებულ ქალაქში, სადაც უამრავი ბავშვი შიმშილობს, სადაც უამრავ ოჯახს საჭმლის ფული არ აქვს, უამრავ პენსიონერს წამლის ფულად არ ჰყოფნის თავისი პენსია, შენ ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავდე ახალი ნაძვის ხის, ახალი საახალწლო განათებების შესაძენად, ეს არის ბიუჯეტის თანხების არარაციონალური ხარჯვა და ეს ყველაფერი უკავშირდება კახი კალაძის კორუფციას", - ამბობს ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე.