"კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი" - ბოჭორიშვილი ოპოზიციას არეულობის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს

27.10.23 11:53
"კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი" - ბოჭორიშვილი ოპოზიციას არეულობის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს

 ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე 12 დღით ადრე "ოცნება" თავს ისევ ოპოზიციას ესხმის. მაკა ბოჭორიშვილის მტკიცებით, ხელისუფლების ოპონენტები ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ეწევიან, რათა შემდეგ ეს საკითხი ქვეყანაში არეულობისთვის გამოიყენონ. 

ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები ევროკომისიის პოზიტიური შეფასების გარეშე ვერ დარჩება. 

ეს ყველაფერი, რასაც აკეთებს ოპოზიცია კოლექტიურად, აქ არ არის საუბარი თითო გვარებზე, ეს არის კოლექტიურად, ყველას ერთიანი ქმედება, რომელიც მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს სტრატეგიული მიზნის წინააღმდეგ და იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და შემდგომ ეს ყველაფერი გამოიყენოს ოპოზიციამ რაღაც არეულობისთვის. საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ დარჩება ევროკომისიის მხრიდან პოზიტიური შეფასების გარეშე და მინიშნებებიც არის ცალსახა, რომ საქართველოს დეკემბერში ექნება მხარდაჭერა და მიიღებს კანდიდატის სტატუსს, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.

ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე 12 დღეა დარჩენილი. პირველადი შეფასებიდან გაირკვევა, შეასრულა თუ არა ქვეყანამ 12 რეკომენდაცია. საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან  დაკავშირებით ცნობილი დეკემბერში გახდება.