ჩვენს წინააღმდეგობას ასეთი კონსპირაციებით ვერ შეასუსტებთ - „ქართული კინო საფრთხეშია"
„ჩვენს წინააღმდეგობას ასეთი კონსპირაციებით ვერ შეასუსტებთ, რადგან ეს პროტესტი გულწრფელი და სამართლიანია", - ამ განცხადებით მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია” ეხმაურება „ტრენინგების საქმეს" და მსახიობების, რეჟისორების გამოკითხვაზე დაბარებას. "ქართული კინო საფრთხეშია" სუს-ის ქმედებებს კრიტიკული აზრის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მცდელობად აფასებს.
კინოპროდიუსერი თიკო ნადირაშვილი, მსახიობი თინა ლაღიძე და კინომცოდნე ნინო შველიძე ტრენინგებზე დასწრების გამო სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. უწყების ვერსიით, თითქოს ჩვენს 20-მდე კოლეგას – რეჟისორებს, მსახიობებს, ფოტოგრაფებს, მწერლებს – საგანმანათლებლო კურსზე „ქვეყნის ჩამოშლა“ ასწავლეს. სუს-ში ყოველდღიურად იბარებენ იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია მსოფლიოს აცნობენ ჩვენს თანამედროვე კულტურას.
პატივცემულო ხელისუფლებავ, ამ უნიჭო სცენარს დღევანდელი კინოცენტრის კომისიაც კი დაიწუნებდა. ხელოვანები ვიბრძვით, რომ გადავარჩინოთ ის, რაც ჩამოშლის პირასაა – დაწყებული ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობით, თანამედროვე ხელოვნებით დასრულებული. კულტურის მინისტრი საბოტაჟს უწყობს ეროვნულ კულტურას და გირჩევთ, გამოკითხვაზე პროფესიონალების დაბარების ნაცვლად, მისი საქმიანობით დაინტერესდეთ. ნუთუ, არ კმარა განადგურების პირას მიყვანილი ძეგლები, წაგებული შრომითი დავები, თავისუფლებაწართმეული ინსტიტუციები, გაფლანგული ბიუჯეტი, შეჩერებული სამეცნიერო კვლევები და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები?
ჩვენს წინააღმდეგობას ასეთი კონსპირაციებით ვერ შეასუსტებთ, რადგან ეს პროტესტი გულწრფელი და სამართლიანია. მოძრაობის წევრების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების ჩართვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კულტურის სფეროებში დაწყებული რეპრესიული პოლიტიკა არ ეხებათ მხოლოდ ხელოვანებს, იგი მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობასა და საზოგადოების დაშინებას. თუმცა, ამაოდ. რუსული მეთოდები ამ ქვეყანაში არ მუშაობს და ვერ იმუშავებს.
სოლიდარობა ჩვენს ღირსეულ კოლეგებს‼️
ბოიკოტი კონფორმიზმს!!”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, კინოპროდიუსერები, მსახიობები, მწერლები, ფოტოგრაფები, ლექტორები და ჟურნალისტები - ყველა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. საგამოძიებო უწყებაში იბარებენ ყველას, ვინც "USAID"-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ესწრებოდა. შეხვედრაზე, რომელიც ლილუაშვილის უწყებამ რევოლუციის მოწყობის მცდელობად შერაცხა, გამოძიება ახლაც გრძელდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან.