ენმ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, კამპანიის ფარგლებში აშშ-ში შეხვედრებს აგრძელებენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივნის მოადგილის განცხადებით, აშშ-ს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის დაწყებასთან დაკავშირებით, ძალიან გაუკვირდა. ალექსანდრე კრევო-ასათიანის თქმით, ამერიკა 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვლება, პროდასავლურ ოპოზიციასთან თავისუფალ ვაჭრობასა და ინვესტიციებზე საუბარს გეგმავს.
ამ ყველა შეხვედრის დროს ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეცდომა ამ პერიოდში იყო ზუსტად ეს ე.წ სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. საბოლოო ჯამში რა გამოდის, რომ ახლა საქართველო უნდა ჩავარდეს სესხის სამყაროში ჩინეთის მიმართ? ახლა რა გამოდის, რომ არანაირი ახალი სამუშაო ადგილ იარ უნდა ჰქონდეს ქართულ მოსახლეობას, რადგან ჩინური კომპანიები იყენებენ მხოლოდ ჩინურ მუშაკებს? ახლა რა გამოდის, რომ პორტები უნდა ვაჩუქოთ ჩინეთს, არც კი გავყიდოთ, ვაჩუქოთ პირდაპირ, ჩვენი გზებიც უნდა ვაჩუქოთ ჩინეთს და ჩვენ რაღა დაგვრჩა? ბუნებრივი რესურსის მიწოდებაც მოგვიწევს ჩინეთისთვის, როცა ამ სესხებს ვეღარ გადავიხდით და ეს ყველაფერი სტრატეგიული პარტნიორობა კი არა, პრაქტიკულად სტრატეგიული მონობა გამოდის. ახლა, რა თქმა უნდა, არ გვიკვირს, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს ამერიკაში ძალიან გაუკვირდათ, რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ და ჩვენ აქ ვართ, რომ ავუხსნათ, რომ როცა ნორმალური, დემოკრატიული ხელისუფლება მოვა 2024 წლის შედეგად, სულ ახალი რეალობა გვექნება, ისევ დავიწყებთ მუშაობას თავიდან თავისუფალ ეკონომიკურ ვაჭრობაზე აშშ-თან, ახალი ინვესტიციების რეჟიმზე ამერიკასთან და ევროკავშირთან, ჩვენი პროდუქტები ისევ რომ გაიგზავნოს ევროკავშირში და აშშ-ში. აშშ-ში უნდა გაიყიდოს ჩვენი ქართული ღვინო, რუსეთში და ჩინეთში კი არა, ამერიკაში უნდა გაიყიდოს ქართული ყველი, ქართული თხილი და ზუსტად ამიტომ ვართ აქ, ამ ყველაფერს მივაღწევთ, როცა გავიმარჯვებთ არჩევნების შემდეგ, - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.