რატომ გაასაიდუმლოვა ცესკომ აუდიტორ კომპანიაზე ინფორმაცია - რას ამბობს ოპოზიცია და რას პასუხობს ცესკოს თავმჯდომარე
რატომ გაასაიდუმლოვა ცესკომ იმ აუდიტორული კომპანიის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ელექტრონული არჩევნების შედეგები უნდა შეემოწმებინა. როგორც ენმ-ის წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, ცესკოს თავმჯდომარესთან ერთადერთი კითხვა სწორედ აუდიტორულ კომპანიასთან დაკავშირებით ჰქონდა, თუმცა გიორგი კალანდარიშვილისგან პასუხი ვერ მიიღო.
დავსვი კონკრეტული კითხვა, რატომ არ იცოდნენ ოპოზიციურმა სუბიექტებმა და რატომ შეარჩიეს დახურულად და ფარულად აუდიტორიული კომპანია, რას უმალავენ საზოგადოებას და რას უმალავენ ოპოზიციურ სუბიექტებს. ეს კითხვები დავსვი, რომელზეც პასუხი არ მიმიღია,“ - ამბობს ლაშა ფარულავა.
კითხვები რომ შეხვედრის შემდეგაც პასუხგაუცემელია, ამაზე საუბრობს "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძეც. როგორც სიორიძე ამბობს, არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რადგან კომპანიის შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალე იყო.
ეს შერჩევის პროცესი იყო ბუნდოვანი, არ იყო გამჭვირვალე შიგნითაც კი და შესაბამისად, არსებობს ლეგიტიმური სკეფსისი ამის მიმართ. ნებისმიერი X კომპანია, რომელიც იქნება არაგამჭვირვალე პროცესით შერჩეული, იმის მიმართ ლოგიკურად არსებობს შეკითხვები,“ - ამბობს სიორიძე.
ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოა ცესკოს თავმჯდომარისთვის. გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს აუდიტორი კომპანიის შესახებ ცესკოს წევრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
აპელირება იმის თაობაზე, რომ თითქოს კომისიის წევრებს რაიმე ინფორმაცია აუდიტორული კომპანიის შერჩევასთან მიმართებაში არ ჰქონდათ, ეს არის სიცრუე. არათუ ახლა, არამედ 2 თვით ადრე იყო ცნობილი ამ პროცესის დაწყებისა და ინიცირების შესახებ კომისიის 17-ვე წევრისთვის. იმაზე მეტად გამჭვირვალე იყო, ვიდრე ვინმეს ოდესმე საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში წარმოუდგენია,“ - ამბობს ცესკოს თავმჯდომარე.