დიდი სიცრუე, უარგუმენტოა, თითიდან გამოწოვილი თემებია - კალანდარიშვილის პასუხი ოპოზიციას

27.10.23 18:56
დიდი სიცრუე, უარგუმენტოა, თითიდან გამოწოვილი თემებია - კალანდარიშვილის პასუხი ოპოზიციას

ეს არის თავიდან ბოლომდე დიდი სიცრუე, უარგუმენტო და თითიდან გამოწოვილი თემებია - ასე აფასებს ცესკოს თავმჯდომარე მისი მისამართით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კრიტიკას.

მაშინ, როდესაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუდიტორი კომპანიის შესახებ ინფორმაცია ცესკოს მხრიდან გასაიდუმლოებული იყო და ინფორმაციას არ ფლობდნენ, რომელი კომპანია შეირჩა. გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2 თვის წინ ჰქონდათ ინფორმაცია ცესკოს წევრებს შერჩეულ აუდიტორ კომპანიასთან დაკავშირებით. 

ღიმილი მომგვარა ამ ყველაფერმა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე დიდი სიცრუე, ეს არის თავიდან ბოლომდე უარგუმენტო, უსაფუძვლო შეფასებები, მცდელობა იმის, რომ გარკვეულწილად შექმნილიყო საზოგადოებაში აღქმა, რომ თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ რაიმე პროცესთან მიმართებაში ხელმისაწვდომობა შეუზღუდა რომელიმე კომისიის წევრს.

ჯერ კიდევ, როდესაც 1 ოქტომბრის არჩევნები იგეგმებოდა და ცესკოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი წარვადგინეთ, სხდომაზე განვიხილეთ მათ შორის, აუდიტის დაფინანსებასთან დაკავშირებული ბიუჯეტის საკითხები, სადაც კომისიის წევრებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა განხილვებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ 2 თვით ადრე 17 კომისიის წევრმა და მთელმა აპარატმა იცოდა, რომ ასეთი პროცესი უნდა განხორციელებულიყო. არცერთ ეტაპზე, არცერთი შესაბამისი წევრის მხრიდან, რომლებსაც დღეს გარკვეული წუხილები გააჩნია, არცერთი კითხვა არ დასმულა პირადად ჩემ მიმართ, შესაბამისი შესყიდვების მიმართულებით თანამშრომლებთან, თუ რას ვაკეთებთ. პროაქტიულად 17-ვე წევრს მივაწოდე ინფორმაცია, რომ ჩატარდა ბაზრის კვლევა, მონაწილეობდა 3 კომპანია, ამ სამიდან ერთ-ერთმა შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების ჭრილში გადალახა ეს ეტაპები, რომელმაც უზრუნველყო 1 თვის მონაკვეთში შესაბამისი აუდიტორების საქართველოში მოვლენა, კენჭისყრის პროცესზე დაკვირვება, Smartmatic-თან თანამშრომლობა, რისი შედეგიც იყო ზუსტად დღევანდელი დღე,“ - ამბობს კალანდარიშვილი.

ცესკოს თავმჯდომარე თვლის, რომ კრიტიკა, რომელიც დღეს მისი მისამართით ისმოდა ემსახურება როგორც ცესკოს, ასევე მისი თავმჯდომარის დისკრედიტაციას. გიორგი კალანდარიშვილმა მისი ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძეც გააკრიტიკა და თქვა, რომ ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომი იყო. 

ეს თითიდან გამოწოვილი თემებია. გიორგი სიორიძე არ არის ფინანსისტი, არც გიორგი კალანდარიშვილი. ნებისმიერ ეტაპზე მათ შეუძლიათ მოჰკითხონ ინფორმაცია კონკრეტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მე მაინტერესებს, როდის ვის მიმართეს და არ მიიღეს პასუხები. ვის კომპეტენციასაც წარმოადგენდა ეს ყველაფერი, მანთ განახორციელეს. მე მივაწოდე საჯაროდ ინფორმაცია, რომ შერჩევის ეტაპი დასრულდა. კარგი იქნებოდა, რომ მათ თავად დაესვათ კითხვები. ბუნებრივია, არის მცდელობა, რომ ეს პროგრესი და გამჭვირვალობა გადაიფაროს და დისკრედიტირებული იყოს პროცესი, თავმჯდომარე, ტექნოლოგიები, ინსტიტუცია. ეს არის მიზანმიმართული მანიპულაცია, რომ თითქოს, ადმინისტრაციამ ხელი დაუფარა ვინმეს ინფორმაციის მიღებაზე," - ამბობს კალანდარიშვილი.

მსგავსი სიახლეები