160 მილიონი ლარი მასწავლებლების ხელფასების ზრდას მოხმარდება - ღარიბაშვილი
11 პედაგოგს მასწავლებლის ეროვნული პრემია გუშინ გადასცეს. ღონისძიება განათლების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იმყოფებოდა ირაკლი ღარიბაშვილიც.
პრემიერის თქმით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან 160 მილიონი ლარი მასწავლებლების ხელფასების ზრდას მოხმარდება.
„კარგად ვიცი, რაოდენ დიდ შრომას ეწევით მასწავლებლები, ზრუნავთ ჩვენი შვილების, მომავალი თაობების განათლებაზე, მათ აღზრდაზე, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. დარწმუნებული ვარ, ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი მასწავლებელი და მასწავლებლები, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, აზროვნებაზე დიდი როლი იქონიეს და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, გვასწავლეს ზოგადად აზროვნება, გვასწავლეს ყველაფერი ის, რაც მხოლოდ წიგნებით არ ისწავლება. ამიტომ ჩვენ, მთავრობას, კარგად გვაქვს გააზრებული დიდი ღვაწლი, რომელსაც თქვენ ეწევით. მიმაჩნია, რომ თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით, ჩვენ, მთავრობამ მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მიზნით ჩვენი მინისტრი და მთლიანად ჩვენი მთავრობა ვმუშაობთ. ახლა მეტად ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა. გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად. ჩვენი გადაწყვეტილებით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც, სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან მალე წარმოგიდგენთ კონკრეტულ ხედვას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დარბაზში ღონისძიება იყო, გარეთ კი პედაგოგების აქცია. დაბლოკილი დირექტორობის კანდიდატები ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. პედაგოგები მრავალწლიანი სტაჟით ფიქრობენ რომ მათ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არჩევენ.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება