საქართველოში ყველა მოქალაქე უნდა საუბრობდეს ქართულად - ენმ-ს და "სტრატეგია აღმაშენებლის" ბრიფინგი

29.10.23 11:47
საქართველოში ყველა მოქალაქე უნდა საუბრობდეს ქართულად - ენმ-ს და "სტრატეგია აღმაშენებლის"  ბრიფინგი

საქართველოში ყველა მოქალაქე უნდა საუბრობდეს ქართულად, - ამიმს შესახებ  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა ედო ჯავახიძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობების მიმართულების ხელმძღვანელთან, შორენა ლობჟანიძესთან ერთად საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს. 

კოალიციამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველოში ყველა მოქალაქე ქართულად საუბრობდეს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული გავითარებისთვის. 

დღეს საქართველოს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობის გამოწვევები.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა 2 მილიონით შემცირდა, ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ყოველწლიურად 100 000-მდე ჩვენი თანამოქალაქე ტოვებს საქართველოს, ხოლო პირიქით, ქვეყანაში რუსი მოსახლეობის შემოდინება უკონტროლოა, საქართველო კარგავს დემოკრატიის ნიშნებს, რის გამოც, წლებია ჩვენი პარტნიორები დებდნენ ინვესტიციას საქართველოს უსაფრთხოებაში.

ამ ფონზე, როცა ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის პოტენციალის გამოყენება და ერთიანი ეროვნული ქსოვილის განმტკიცება, 5.5 მილიონიდან 3.5 მილიონამდე შემცირებულ ჩვენს მოსახლეობაში 300 000-ზე მეტი ადამიანი ვერ საუბრობს ქართულად, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ აკეთებს საკუთარი თავისთვის და ქვეყნისთვის იმის ნახევარსაც კი, რისი პოტენციალიც გააჩნია.

ამას ადასტურებს ის, რომ სხვადასხვა კვლევის მიხედვით, არაქართულენოვან მოსახლეობაში, ქართული ენის არმცოდნე ადამიანებთან შედარებით, სამჯერ მეტია დასაქმების მაჩვენებელი იმ ადამიანებში, ვინც ფლობს ქართულ ენას. ეს არის დიდი პრობლემა.

პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა შეეჭიდა ამ პრობლემას, შემოიღო ახალი პროგრამები, მაგალითად 1+4 პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტში 1 წლის განმავლობაში ქართული ენის სწავლებას არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის; პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, რომლის ფარგლებშიც მსურველებს შეეძლოთ, წასულიყვნენ არაქართულენოვან დასახლებებში და ესწავლებინათ ქართული ენა. პროგრამა „ქართული ენის სახლები“, რომელიც ღია იყო ყველა მსურველისთვის და სხვა. მაგრამ ფაქტია,  ის დრო არ აღმოჩნდა საკმარისი საბოლოო შედეგის მისაღწევად.

საპირისპიროდ - ბოლო 10 წელიწადში "ქართულმა ოცნებამ" არათუ რაიმე ახალი შემოგვთავაზა, არამედ წინა ქმედითი პროგრამები სრულად დაცალა შინაარსისგან, რის გამოც ბოლო 10 წელიწადში ქართული ენის ცოდნის დონე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გაზრდილა.

საქართველოში უნდა დამკვიდრდეს წარმატებული პროგრამების შენარჩუნების ტრადიცია, ხელისუფლებების ცვლილების შემთხვევაშიც. ეს არის დემოკრატიის მოთხოვნა.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიციამ შეიმუშავა პროგრამა - საქართველოს ყველა მოქალაქე საუბრობდეს ქართულად, რომლის განხორციელებაც საჭიროა:

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის! საჭიროა ერთიანი ეროვნული ქსოვილის გასაძლიერებლად! საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვისთვის და ეკონომიკის განსავითარებლად! 

ჩვენი მიზანია:
• გავაორმაგოთ ქართული ენის მასწავლებელთა რაოდენობა;
• ქართული ენის სწავლა გავხადოთ უფასო 1+4 პროგრამის ფარგლებში.
• არაქართულენოვან მოსახლეობაში ქართული ენის მივლენილ მასწავლებლებს გავუზარდოთ შრომის ანაზღაურება;
• შევქმნათ ორენოვანი სწავლების თანამედროვე საჭიროებებზე მორგებული კონცეფცია;
• უზრუნველვყოთ ბაღების მშენებლობა არაქართულენოვან დასახლებებში, რათა ბავშვებს ჰქონდეთ ქართული ენის შესწავლის საშუალება, სკოლის დაწყებამდეც;
• დავნერგოთ შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგების გადამზადების ეფექტიანი მექანიზმი, - განაცხადა ედო ჯავახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები