ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, ვისაც ხელისუფლების დამხობა სურს, ამას არ დავუშვებთ - კალაძე
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი მიიჩნევს, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებები მნიშნელოვანია. კახა კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში გარკვეულ ძალებს, რომლებიც, შესაძლოა, გარედან იმართებოდნენ, ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ და ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას.
იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომ ვიღაც ჯგუფებმა გარკვეული დაძაბულობა და არეულობა შექმნან, ჩვენ პრევენციული ღონისძიებები უნდა გავატაროთ. მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტის მიღება. ვინც შეეწინააღმდეგება ამას და ვინც ეწინააღმდეგება, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იმ რადიკალური კურსის გამტარებელია, რაზეც სუს-ი საუბრობდა.
უნდა აღნიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკოსები, ვისაც სურს დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა. შესაძლოა, ამას ვიღაცები გარედან უჭერდეს მხარს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, გვინდა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ, -აღნიშნა კალაძემ.