"ადამიანის დისკრედიტაციას ცდილობთ" - თალაკვაძე მიქაუტაძეს იცავს
"ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეს იცავს. საქმე ეხება შაბათის ეთერის ხმაურიან რეპორტაჟს, საიდანაც ირკვევა, რომ პრემიერმა რომეო მიქაუტაძეს ქონება ჩალის ფასად მისცა.
სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ მიქაუტაძის მიმართ მადესკრედიტირებელი კამპანია მიმდინარეობს და "პირველებს" ურჩევს, კითხვებზე პასუხები თავად ბრალდებების ადრესატისგან მოისმინოს.
არადა, რეპორტაჟს ნათლად ჩანს, რომ გამომძიებელი ჟურნალისტი მაკა ანდრონიკაშვილი მიქაუტაძისგან კითხვაზე პასუხის მიღებას არაერთგზის შეეცადა, თუმცა ამაოდ.
წინასწარი ბრალდებების გაკეთება მტკიცებით ფორმაში, საუბარი ადამიანზე, რომელიც მისი სახელის და რეპუტაციის დისკრედიტაციას ახდენს, ეს არ არის ევროპელობა, ეს არ არის არც ოპოზიციონერობა და არც საგამოძიებო ჟურნალისტიკა. გადაამოწმეთ ფაქტები, ნახეთ დეკლარაციები, მიეცით ადამიანს საშუალება, რომ გაგცეთ პასუხი იმ კითხვებზე და ბრალდებებს წინასწარ ნურავის წაუყენებთ. ქვეყანაში არსებობს ინსტიტუტები და ამ ინსტიტუტებს აქვთ კონტროლის ფუნქცია, - თქვა თალაკვაძემ.
რომეო მიქაუტაძის საეჭვო ქონებას შაბათის ეთერის გუნდმა მიაგნო. გამომძიებელმაა ჟურნალისტებამ შეაგროვეს დოკუმენტები და დაადგინეს, რომ პრემიერი საკუთარ ძამაკაცს ქონებას ჩალის ფასად აძლევს. 1 კვადრატული 80 თეთრი - ეს თანხა გადაიხადა ლურჯი მოცვის მაგნატმა სახლემწიფოსგან იჯარით აღებულ მიწაში, თუმცა ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. მიქაუტაძის ოჯახის ქონება წლებთან ერთად მხოლოდ იზრდება. ძვირადღირებული სახლებს და სასტუმროს ბიზნესს ფლობს კაცი, რომელიც მთავრობაში ნაჩუქარი სახლით მოვიდა.