მედიასთან დაკავშირებული ცვლილებები ზეწოლას უკავშირდება - ანა წითლიძე
ენმ-ს წევრი ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ "მაუწყებლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიღებასაც ხელისუფლება დაჩქარებული წესით ცდილობს, "ოცნების" ხელში თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად დამატებითი ბერკეტი იქნება. ოპოზიციის წევრის თქმით, როცა მარეგულირებელი კომისია ხელისუფლების ერთ-ერთი ფილიალია, ამიტომ მისი გადაწყვეტილება ობიექტური ვერ იქნება.
მედიასთან დაკავშირებული ეს ცვლილებები პირდაპირ უკავშირდება ზეწოლას. ეს ცვლილება ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელი და ობიექტურია და სადაც, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გამორიცხული იქნება. როცა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა ინსტიტუტი არის მიტაცებული, როცა მარეგულირებელი კომისია არის ხელისუფლების ერთ-ერთი ფილიალი, რომელსაც თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ხელისუფლება და გვინახავს კომისიის მიერ მიღებული არაერთი სუბიექტური გადაწყვეტილება, რადგან ხელისუფლებამ ასე უბრძანა, ასეთ ვითარებაში ეს ცვლილებები იქნება ხელისუფლებისთვის დამატებითი ბერკეტი, რომ გამოიყენოს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - ამბობს ანა წითლიძე.