ომი უკრაინაში, ჰიბრიდული ომი საქართველოში, EU-ს სტატუსი და ღარიბაშვილის მხილება - ზურაბიშვილის ინტერვიუ CBS-სთან

30.10.23 13:00
ომი უკრაინაში, ჰიბრიდული ომი საქართველოში, EU-ს სტატუსი და ღარიბაშვილის მხილება - ზურაბიშვილის ინტერვიუ CBS-სთან

საქართველოს პრეზიდენტი არ არის დარწმუნებული, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის წევრობა უნდა. ამერიკულ ტელეკომპანია CBS-სთან ინტერვიუში  ზურაბიშვილი ღიად ამბობს, რომ ესმის მხოლოდ ლაპარაკი და მთავრობის მოქმედებებს ვერ ხედავს. თუ ევროკავშირი საქართველოს სტატუსს არ მიანიჭებს, ზურაბიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება.

"ჩუმი შეჭრა" - ასე ჰქვია რეპორტაჟს, რომელიც გადაცემა სამოცმა წუთმა მოამზადა და აღწერა ის გავლენები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსეთს აქვს. გადაცემის მთავარი რესპონდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო.  საქართველოს პრეზიდენტი  კიდევ უფრო მეტს ითხოვს ამერიკისგან და უკმაყოფილებას არ მალავს იმაზე, რომ ამ დრომდე მასთან შეხვედრა ვერ მოახერხა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ნიადაგს საქართველოშიც სინჯავს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ქვეყნის წინააღმდეგ ახლა ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. 

კითხვა: ომი უკრაინაში უკვე მესამე წელს ითვლის, რა გავლენა მოახდინა ამ ომმა საქართველოში ხალხის ცხოვრებაზე? 

პრეზიდენტი: ეს არის შეხსენება იმისა, რაც საქართველომ გადაიტანა და რომ ქვეყანა მუდმივი საფრთხის წინაშე დგას. ეს უკვე რეალობის ნაწილია, რომ რუსეთი ტესტავს ნიადაგს საქართველოში. 

კითხვა: იყენებენ კი რუსეთის მოქალაქეებს ნიადაგის მოსასინჯად? როგორ ხდება ეს? 

პრეზიდენტი: ყველაზე მარტივი გზა ჰიბრიდული ომია. 

კითხვა: არ ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრობით არის დაინტერესებული? 

პრეზიდენტი: ეს არის კითხვა, რომელსაც საქართველოს მთელი მოსახლეობა სვამს, ნამდვილად უნდათ სტატუსი, თუ ეს მხოლოდ მათ სიტყვებში გამოიხატება. 

კითხვა: ძალიან კრიტიკული დროა, რას ფიქრობთ, დასავლეთმა, კონკრეტულად შეერთებულმა შტატებმა, გამოხატა საკმარისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ? 

პრეზიდენტი: ასე არ ვფიქრობ და მე მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. უკვე 4-5 წელია, რაც მე პრეზიდენტი ვარ, ვერასდროს შევძელი მქონოდა შეხვედრა, პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის დონეზე, ან მქონოდა სატელეფონო კავშირი. მე მესმის, რომ უფრო გადაუდებელი საკითხებიც არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საჭიროა უფრო მეტი საჯარო აღიარება.
 

კითხვა: აღიარება რისი?

პრეზიდენტი: აღიარება იმისა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროკავშირში ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამის გამეორება უმაღლეს დონეზე იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის. 

კითხვა: რა მოხდება საქართველოსთვის, თუ ევროკავშირი უარყოფს თქვენს განაცხადს? 

პრეზიდენტი: ეს იქნება რუსეთის დიდი გამარჯვება.