10 წლის გოგონას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან - ვინ დგას გორში მუქარის უკან?
მეხუთე კლასის მოსწავლეს გორში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. 10 წლის გოგონამ მუქარის შემცველი წერილი საკლასო ოთარში მერხის ქვეშ იპოვა.
არასრულწლოვანს ფულს სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მის ასევე არასრულწლოვან ძმას ანგარიშსწორებით ემუქრებიან. სკოლის ადმინისტრაციას დახმარება ბავშვმა სთხოვა, საქმეში პოლიცია ჩაერთო. დაწყებულია გამოძიება.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე მანდატურის სამსახური სკოლაში არ არის, მაგრამ არის პირი, ვინც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
მეხუთე კლასელმა ნახა თავის მერხთან წერილი, რომლითაც სთხოვდნენ ფულს. სკოლამ პოლიციას აცნობა და ველოდებით პოლიციის გამოძიებას. სკოლა არის საბაზო, მცირე კონტინგენტიანი, ამ ეტაპზე მანდატურის სამსახური სკოლაში არ არის, თუმცა არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი", - ამბობს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი.
სკოლის დირექტორის თქმით, ფაქტის აღმოჩენისთანავე მათ რეაგირება ჰქონდათ და მიმართეს შესაბამის უწყებას. დირექტორი სხვა დანარჩენ კომენტარზე თავს იკავებს და ამბობს, რომ გამოძიების მოლოდინშია.
დადებულ იქნა წერილები, პატარა არასრულწლოვან ბავშვთან. ფაქტის აღმოჩენისთანავე რეაგირება გვქონდა და მივმართეთ შესაბამის უწყებას. ეხება არასრულწლოვანებს, დანარჩენ დეტალებზე ინტერვიუს გაკეთების უფლებას ვერ ვცემ ჩემს თავს იმიტომ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, დაველოდოთ მოვლენებს", - ამბობს სკოლის დირექტორი, ნინო ბიძინაშვილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.