რატომ იცავს ხელისუფლება ჯაშუშობაში მხილებულ ფარცხალაძეს და სანქცირებულ მოსამართლეებს - რა ახსნა აქვთ NGO-ებს

30.10.23 13:23
რატომ იცავს ხელისუფლება ჯაშუშობაში მხილებულ ფარცხალაძეს და სანქცირებულ მოსამართლეებს - რა ახსნა აქვთ NGO-ებს

51 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების და ყოფილი პროკურორის დაცვა. იმ ფონზე, როდესაც სტრატეგიულმა პარტნიორმა მოსამართლეები შესაძლო კორუფციულ გარიგებაში, ხოლო ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის ფსბ-ის აგენტობაში ამხილა და ამ ფონზე, საქართველოს მთავრობა მათ იცავს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ეს არის გზავნილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის მიზანი ევროინტეგრაცია არ არის. 
 

გიორგი მშვენიერაძის თქმით, ხელისუფლება არის სწორედ პასუხისმგებელი, რომ მსგავსი დანაშაულები ამხილოს და გამოიძიოს, თუმცა, როგორც ის ამბობს, მთავრობის მიზანია, სასამართლოში კორპორატივიზმის შენარჩუნება და ფარცხალაძის მსგავსი კადრების წინა პლანზე წამოწევა.

ხელისუფლებას მოეთხოვება, პირველ რიგში, გადადგას ნაბიჯები, ერთი მხრივ, სასამართლოში კორუფციული სისტემის აღმოსაფხვრელად და მეორე მხრივ, იმ ადამიანების პასუხისგებაში მისაცემად, რომელთა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ეჭვია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საგამოძიებო ორგანოების. 
მათ ურთიერთდაკავშირებულ ინტერესს წარმოადგენს, როგორც სასამართლოში კორპორატივიზმის შენარჩუნება, ასევე ფარცხალაძის და მისი ყაიდის და კალიბრის ყოფილი მოხელეების წინ წამოწევა,“ - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

ლონდა თოლორაია, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობდა და რომლის დეკრეტში ყოფნის დროსაც მისი სამსახური დახურეს, თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან რეაგირების არქონა სასამართლოში კლანის არსებობაზე, პარტნიორებთან ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს.

ყურის არშებერტყვა ამ ყველაფერზე და სამართლებრივი რეაგირების არქონა ნიშნავს იმას, რომ შენ უგულებელყოფ ყველა იმ ეჭვს, რომელიც ჩნდება პარტნიორებს შორის. ხვალ და ზეგ, ნებისმიერი პირი, რომელმაც დღეს რეაგირება უნდა მოახდინოს ასეთი ტიპის ფაქტებზე, შეიძლება თავად აღმოჩნდეს სანქცირებულთა სიაში და რა თქმა უნდა, მათ არ სურთ, შექმნან პრეცედენტები,“ - ამბობს ლონდა თოლორაია.

სასამართლო კლანი რომ ხელისუფლების განუყოფელი ნაწილია, ამაზე საუბრობს ნაზი ჯანეზაშვილი. "სასამართლო გუშაგის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სანქცირებული მოსამართლეების დაცვა მათი თანამშრომლობის დამადასტურებელია. 

ფორმალურად უკავიათ მათ სხვადასხვა ტიპის თანამდებობები და სხვადასხვა შტოში ხელისუფლების, თუმცა რეალურად არიან ერთი გუნდის ნაწილი და ემსახურებიან ერთ ინტერესს. შესაბამისად, როდესაც იცავენ მოსამართლეებს, ეს გამომდინარეობს სწორედ მათი თანამშრომლობიდან,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საია-ს თავმჯდომარე ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ პარტნიორების მოწოდებებს უგულებელყოფს. 

სახელმწიფო არასერიოზულად უყურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამის ინფორმაციაზე დაყრდნობით აწესებს ხოლმე სანქციებს. ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი ინარჩუნებენ ამ სისტემას, როდესაც სასამართლო კონტროლდება გავლენიანი ჯგუფების მიერ და ეს ხელშეწყობილია სახელმწიფოს მხრიდან,“ - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.