ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა - ლონდა თოლორაია ოლიგარქის ბაობაბებზე
ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, - ასე აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გუშინ ფოთი-შეკვეთილის გზაზე ოლიგარქის ბაობაბების გატარების ფაქტს, რომელშიც სრულიად შსს იყო ჩართული.
ლონდა თოლორაია პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის, ივანიშვილის სამსახურშია.
ეს, რა თქმა უნდა, აჩვენებს იმას, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა . ეს აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩაყენებულია არა ქართველი ადამიანების და რიგითი მოქალაქეების სამსახურში, არამედ ერთი ადამიანის და მისი ხელისუფლების და მისი ძალაუფლების დასაცავად სამსახურში მყოფი პირების სამსახურში და ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დღეს მთლიანად არის მოშლილი, - ამბობს ლონდა თოლორაია.
გუშინ მთელი ღამით ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე ხმაური იყო. ივანიშვილის ბაობაბების გადატანის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია გაუთიშეს, მოხსნეს საგზაო ნიშნები და ტრაფარეტები. ასწლოვანი ხეების გადატანაში ჩართული იყო შსს-ც. ხალხი გზებზე შექმნილ ვითარებას და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას აპროტესტებდა.