აკავებდნენ მათ, ვინც უბრალოდ "ხელში მოჰყვებოდათ" - საიას ანგარიში მარტის აქციებზე
მარტის აქციებზე დემონსტრანტებს ძირითადად შემთხვევითობის პრინციპით აკავებდნენ - წერია ანგარიშში, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 7-9 მარტის აქციებსა და პოლიციის რეაგირებასთან დაკავშირებით მოამზადა.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტირუსულ დემონსტრაციებზე საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაარღვია.
საიაში პირდაპირ ამბობენ, რომ აქციის მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაერთგზის ჩარევის ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად განხორციელდა.
დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს.
"კვლავ საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის, თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს, აქციის მონაწილეების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით, როგორც სიტყვიერ, ისე, ფიზიკურ შეურაცხყოფაში"- წერს ორგანიზაცია.
"აქციის მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაერთგზის ჩარევის ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად განხორციელდა; რიგ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა, მათ შორის, არ გამოიყენა აქციის ორგანიზატორებთან ან მონაწილეებთან მოლაპარაკების რესურსი, რათა შეემცირებინა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. აქციის მონაწილეების დიდი უმრავლესობა მშვიდობიანად სარგებლობდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ლოკალური ხასიათის სამართალდარღვევებზე რეაგირებას არსებითი გავლენა არ უნდა მოეხდინა მთლიანი აქციის მიმდინარეობაზე და კონკრეტული ინციდენტების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით.
ადგილი ჰქონდა, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვისპროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს. ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მომეტებულ შეზღუდვას, ასევე, ხელს უწყობდა ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა.
კერძოდ, 7-9 მარტის აქციების დაშლისას ისევ გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მის შესაბამისად წარმოებული დაკავებები / სასამართლო პრაქტიკა კვლავაც ინსტრუმენტია, რათა სამოქალაქო უფლებების განხორციელების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდოს. კვლავ საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის, თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს, აქციის მონაწილეების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით, როგორც სიტყვიერ, ისე, ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, პრობლემური იყო ერთჯერადი ხელბორკილის დადების პრაქტიკაც", - წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის შეფასებით, დაკავებულებს არ მიეცათ ახლობლებსა და ადვოკატებთან დაკავშირების შესაძლებლობა. მათივე განცხადებით, დაკავების ოქმების შევსებასთან დაკავშირებით შეინიშნებოდა ხარვეზები - კერძოდ, არაერთ ოქმში არასწორად იყო მითითებული დაკავების დრო და დამკავებელი პირების მონაცემები.
ვრცლად https://www.gyla.ge/…/khalkhi-rusuli-kanonis-tsinaaghmdeg-7…