რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს - მინისტრი ოპოზიციას მოსახლეობის დაშინებაში ადანაშაულებს

30.10.23 15:07
რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს - მინისტრი ოპოზიციას მოსახლეობის დაშინებაში ადანაშაულებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილების საფრთხე არ არსებობს.

ირაკლი ქარსელაძის მტკიცებით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს მოსახლეობის მიზანმიმართული დაშინების კამპანიას. მინისტრმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ აღნიშნა, რომ პროექტი საჯაროა და ყველა დასკვნა ხელმისაწვდომი. 

27 კილომეტრი გაიხსნა, მანამდე მთელი შვიდი თუ რვა თვის განმავლობაში მიდიოდა კამპანია, მოსახლეობის დაშინება, არ გაიარო, რაღაც მოხდება და ა.შ. თქვენი მცდელობა მიმართულია იქითკენ, რომ მოსახლეობა დააშინოთ და დაშინების ხარჯზე შექმნათ დისკრედიტაცია ამ დიდი პროექტის, იმ ხალხის, ვინც ჩართულია. არ არის საფუძველი. ვიმეორებ, რომ არავითარი საფრთხე არ არის. ყველა შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა დამუშავებული იყო კვალიფიციური ინჟინრების მიერ, მიღებული იქნა კვალიფიციური მშენებლების და საზედამხედველო კომპანიის მიერ. გუშინ გავხსენით 27 კილომეტრი, დანარჩენ მონაკვეთებზეც ანალოგიურადაა. შესაბამისად, არავითარი საფრთხე არ არის და ყველას შეუძლია უსაფრთხოდაც და კომფორტულადაც მგზავრობა. რაც შეეხება საჯაროობას, პროექტიც, გეოლოგიაც, ყველა სხვა თანმხლები დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე, მათ შორის, დამატებით თუ გნებავთ რაიმე, შეგიძლიათ, იხილოთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ვებგვერდებზე. აბსოლუტურად ყველაფერი არის ხელმისაწვდომი. უბრალოდ, წამკითხველი და წაკითხვა სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი 28 ოქტომბერს გაიხსნა.