სახელმწიფო ოლიგარქის სამსახურში - დეკანოიძის კითხვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა უპასუხოდ დატოვა

30.10.23 15:29
სახელმწიფო ოლიგარქის სამსახურში - დეკანოიძის კითხვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა უპასუხოდ დატოვა

 დგას თუ არა სახელმწიფო ოლიგარქის სამსახურში - ხატია დეკანოიძის შეკითხვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა უპასუხოდ დატოვა. საქმე ეხება ივანიშვილის მიერ ბაობაბების გადატანას, რის გამოც გუშინ ღამით ფოთი-შეკვეთილი მაგისტრალი პარალიზებული იყო. 

ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ივანიშვილის ინტერესების გასატარებლად კანონის დარღვევას არ ერიდებიან. 

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური საკითხიც კი არა თუ ბაობაბების გადათრევა ერთი ადგილიდან მეორეზე, ხდება ყველანაირი დარღვევით სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ. მე ინფრასტრუქტურის მინისტრს დავუსვი ეს შეკითხვა. სამწუხაროდ, ვერ მივიღე პასუხი და ერთადერთი, რაც იყო, რომ არაგაბარიტული ტვირთია და არაგაბარიტული ტვირთი, რომელიც არ მოუთხოვია საქართველოს მოსახლეობას, არაფერს არ აძლევს საქართველოს მოსახლეობას, ამის გამო ჩაბნელებულია მთელი სოფლები და გადათხრილია მთელი გზები, 11 წელი უკვე  და ეს არის რეალურად, ის სიმბოლო, რა სიმბოლოც არის საქართველო, - ამბობს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მთელი ღამით ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე ხმაური იყო. ივანიშვილის ბაობაბების გადატანის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია გაუთიშეს, მოხსნეს საგზაო ნიშნები და ტრაფარეტები. ასწლოვანი ხეების გადატანაში ჩართული იყო შსს-ც.  ხალხი გზებზე შექმნილ ვითარებას და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას აპროტესტებდა.